შიდა პროექტი: ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს”
 

წელი: 2008 - 2010
ბიუჯეტი (აშშ დოლარებში): 93 610
პროექტის კოორდინატორი ირინა ლაშხი.
პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამაა.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს" (www.transparentaid.ge) ფარგლებში, კოალიციის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია საქართველოსთვის ომის შემდგომ მიღებული საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ საქართველომ დონორი ქვეყნებისგან და ორგანიზაციებისგან მიიღო დაახლოებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება. შესაბამისად მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა გააქტიურება თანხების გამჭვირვალედ ხარჯვისა და ეფექტიანი განკარგვის ხელშესაწყობად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა შემდეგი:

- 2008 წლის დეკემბერში ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს" (www.transparentaid.ge).

- კოალიციის "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" მისიაა საქართველოსთვის დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა ფინანსური დახმარების განკარგვის პროცესში.

- კოალიციის მიერ მომზადდა 10-მდე მონიტორინგის ანგარიში, გამოვლინდა არაერთი დარღვევა და მთავრობასა თუ დონორებს მიეწოდათ რეკომენდაციები თანხების ეფექტიანად ხარჯვის გაუმჯობესებაზე, პროექტების სწორად დაგეგმვასა და სხვა საკითხებზე.

კოალიციის საქმიანობა და მიღწევები

კოალიციამ "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" განხორციელებული პროექტების ფარგლებში მრავალ წარმატებას მიაღწია, მათ შორის:

- კოალიციის მუშაობის პროცესში გამოვლენილმა ფაქტებმა შექმნა მომავალი დარღვევების პრევენციის საფუძველი: დევნილების სახლებთან დაკავშირებულმა კვლევამ გამოკვეთა ხელშეკრულებებში ხშირი ცვლილების შედეგად მათი ღირებულების შეუსაბამოდ გაზრდის პრაქტიკა (85 ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება ჯამში გაიზარდა 26,6%-ით, რამაც შეადგინა დაახლოებით 18 მილიონი ლარი). კვლევის პრეზენტაციიდან თვენახევრის შემდეგ, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებაში და დაუშვებლად გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. 

ასევე შევიდა ცვლილებები ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის  პროექტის სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემსრულებლებთან დაკავშირებით, როდესაც ერთ-ერთ შემსრულებელს შეუწყდა კონტრაქტი მისი პირობების დარღვევის გამო. 

- გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელიც ასევე უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლოვანებებს: ტენდერების არასრულყოფილი პროცედურები, პროექტების წინასწარი არასრულყოფილი შესწავლა, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის არადამაკმაყოფილებელი დონე, სამუშაოს ვადების დაუცველობა; არასაკმარისი ყურადღება ეთმობა პროექტების გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმების შესრულებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცალკეული პროექტის შემთხვევაში ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის არასამართლიანი კომპენსაცია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მეტი კოორდინაცია მართებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

- სასიკეთოდ შეიცვალა შავი ზღვის ელექტროგადაცემის პროექტი: არჩეული იქნა მარშრუტი, რომელიც არ გამოიწვევდა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზიანებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შეუქცევად დეგრადაციას. ხაზი უნდა გაესვას დონორების კონსტრუქციულობას, განსაკუთრებით - ევროკავშირის როლს, რომელმაც დამატებითი დაფინანსება გამოყო, რათა მთავრობას უპირატესობა მიენიჭებინა გარემოსდაცვითი და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ალტერნატივისათვის. უნდა აღინიშნოს ენერგეტიკის სამინისტროს დამსახურებაც ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

- მსოფლიო ბანკთან კოალიცია "გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს"

თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა პროექტის "ვაზიანი-გომბორი-თელავის" დიზაინის შეცვლა, რის შედეგადაც მან ნაკლები ზეგავლენა იქონია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, ხოლო ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით  30 მლნ. დოლარით შემცირდა.

- კოალიციის, მთავრობისა და დონორის თანამშრომლობის შედეგად შეიცვალა აჭარის შემოვლითი გზის მარშრუტი და უსაფრთხო მანძილით დაშორდა უნიკალური ქობულეთის ნაკრძალს.        

- კოალიციის წევრი ორგანიზაციის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებულმა" ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგმა შექმნა წინაპირობა, რომ თავიდან აცილებულიყო საქართველოს სამი მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფა-ექსპროპრიაცია, რის შედეგად, ამ პირებს ადეკვატური ანაზღაურება მიეცათ. 

- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ კომპანია "აშტრომთან" დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოჰყვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოზე ამ საკითხის განხილვა და კომპანია "აშტრომისადმი" შესაბამისი ზომების გატარება, რაც საბოლოოდ კონტრაქტის ჩამორთმევით დასრულდა.      

კოალიციის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები:

1)"ბრიუსელის კონფერენციის გადაწყვეტილებათა ფარგლებში დონორთა ფინანსური დახმარების ასახვა 2008 და 2009 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში";

2)"ფინანსური დახმარებით^განხორციელებული პროექტების ზეგავლენა გარემოზე";

3)"ანგარიშვალდებულება ბენეფიციარების მიმართ";

4)"კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის: ანგაროშვალდებულება დახმარების და მშენებლობის პროცესში";

5)"ომის შემდეგ დაპირებული ფინანსური დახმარების კრედიტის კომპონენტის შეფასება";

6)"საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება: ინტერნეტი როგორც საქართველოს მოქალაქეთა გაძლიერების საშუალება";

7)"18-თვიანი ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის Stand-by მექანიზმის ფარგლებში";

8)"საერთაშორისო დახმარების აღრიცხვა, განკარგვა და კონტროლი საქართველოში";

9)"საქართველოს ეკონომიკური საფრთხეებისა და მთავრობის კრიზისისგან დაცვის სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციები";

10)"ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის" მონიტორინგის მე-4 და მე-5 ეტაპები".

 


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

ყველა გრანტი