შიდა პროექტი: ”ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში”
 

წლები: 2009 - 2010
ბიუჯეტი აშშ დოლარებში
: 31,200
დაფინანსების წყარო: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" და შემოსავლების მეთვალყურეობის ინსტიტუტი (
Revenue Watch Institute)
პროექტის კოორდინატორი: ირინა ლაშხი

პროექტს ახორციელებს ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა. მოცემული პროექტი რეგიონალური (საქართველო, უკრაინა) ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გაიზარდოს საქართველოს მთავრობის და კერძო კომპანიების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების დონე და ხელი შეეწყოს საჯარო ფინანსების მენეჯმენტს ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების სექტორში. სამოქალაქო მონიტორინგი ამ სფეროში მნიშვნელოვანია კორუფციის აღმოსაფხვრელად.

პროექტის მოკლე შინაარსი:

მოცემული პროექტის ზოგად მიზანს წარმოადგენს მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) ჩარჩოს გაფართოება ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობის კუთხით და საქართველოს მთავრობასთან EITI -ს სატრანზიტო ინიციატივის ადვოკატირება.

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობის განხორციელება:

1) საქართველოში ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივის პილოტირება.

2) თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სატრანზიტო კომპანიებთან, რათა მათ აიღონ თავის თავზე ვალდებულება მართონ შემოსავლები გამჭვირვალედ, რაც მოიცავს შემოსავლების ყველა წყაროს და შეესაბამება ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდაციებს.

3) თანამშრომლობა და ტრანზიტის იდეის ადვოკატირება EITI-ს სამდივნოსთან.

განხორციელებული საქმიანობა და შედეგები:

პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნა ექსპერტთა რეგიონალური სამუშაო ჯგუფი და სხვა სატრანზიტო ქვეყნებიც ჩაერთნენ ამ საქმიანობაში (ფონდი თანამშრომლობს ექსპერტებთან ნავთობისა და გაზის საკითხებში აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში, და შედეგად შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი).

1)2009 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა EITI ტრანზიტის ანგარიშგების ფორმა საქართველოსთვის და უკრაინასათვის. ეს ფორმა შეესაბამება EITI-ს სტანდარტებს და გათვალისწინებულია მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის საქართველოსა და უკრაინაში. იგი იძლევა სურათს იმაზე, თუ რა მდგომარეობა და მოთხოვნებია ქვეყანაში, და უშუალოდ აღნიშნულ სექტორში. ამ ტიპის ფორმა ასევე იძლევა საშუალებას განისაზღვროს კომპანიების და მთავრობების გამჭვირვალობის დონე, დადგინდეს პასუხისმგებელი კომპანიები და უწყებები, და განისაზღვროს შემოსავლების საანგარიშგებო ნაკადები.

2)2009 წელს გამოიცა ანგარიში "Expanding the EITI Agenda to Transportation of Hydrocarbon Resources" (ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინას ერთობლივი პროექტი), რომელიც შედგენილია EITI-ს პრინციპების და საანგარიშგებო ფორმის მიხედვით (კერძო კომპანიების მიერ შეტანილი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში - სახელმწიფოს მიერ მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები). ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ექსპერტებმა   შეაგროვეს, დაამუშავეს და შეაფასეს მონაცემები  შემოსავლებზე საქართველოსა და უკრაინაში, რაც ასახულია აღნიშნულ ანგარიშში. ანგარიშის საქართველოს ნაწილში აქცენტი გაკეთებულია 4 მილსადენზე, რომლებიც კვეთს ჩვენ ტერიტორიას და სარკინიგზო გადაზიდვებზე (2008-2009).

3)2010 წელს გამოიცა ანგარიში "Hydrocarbon Transit Revenue Transparency in Georgia", რომელშიც მიმოხილულია არსებული კანონმდებლობა და ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებები საქართველოში.

4)პარალელურად 2009-2010 წლებში ჩატარდა რიგი სამუშაო შეხვედრები/მრგვალი მაგიდები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, რომელთა მიზანი იყო დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, წარმოქმნილი პრობლემების, მეთოდოლოგიის განხილვა და მიღწეული შედეგების გაზიარება პროექტის განხორციელების პროცესში თითოეულ ქვეყანაში.

პროექტის სამუშაო ჯგუფი ახორციელებს სამი ძირითადი საკითხის ადვოკატირებას, რათა: ა) EITI-ს სამდივნომ გააფართოვოს ინიციატივის ჩარჩო ენერგორესურსების ტრანზიტზე; ბ) მთავრობებმა გამოაქვეყნონ ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები და შეუერთდნენ EITI-ს ტრანზიტის ინიციატივას; გ) კომპანიებმა გამოაქვეყნონ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ EITI-ს ტრანზიტის ინიციატივაში.

პროექტი გაგრძელდება 2011 წელს.

 


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

ყველა გრანტი