ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო
 

 

10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. უკვე რამდენიმე წელია ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' ბავშვთა ჰოსპისის შექმნას ცდილობს. ამ იდეის განხორციელება სამედიცინო კორპორაცია 'ევექსის', საქართველოს პრეზიდენტის და ინდივიდუალური დონორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ინდივიდუალური დონაციები იწყება 100 ლარიდან და ადის  50 000 ლარამდე. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნახატები გადასცეს ჰოსპისს.

საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ჰოსპისის მშენებლობის ადგილზე, სოფელ დიღომში გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის' გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა   2016 წლის ბოლოს  დასრულდება.  ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ  პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია რომ ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის"  ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და  თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება. 

ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წელს კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა.  როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება. 

"პალიატიური მზრუნველობა, როგორც ტერმინი, ისე მისი შინაარსი რამდენიმე წლის წინ საქართველოში ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა  იცოდა.  მე მიხარია, რომ პალიატიური მზრუნველობა სწორედ ჩვენი ფონდის დახმარებით დაინერგა საქართველოში. ამაზე ზრუნვა 1999 წელს დავიწყეთ. პირველი ნაბიჯი იყო საკანონმდებლო ცვლილებები, ამის შემდეგ შეიქმნა პირველი ჰოსპისი ზრდასრულებისთვის, შემდეგ განვითარდა შინ ზრუნვა და დღეს უკვე ვსაუბრობთ ბავშვთა ჰოსპისის შექმნაზე. ეს მარტივად სასაუბრო თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პალიატიური მზრუნველობა  ჩვენს ქვეყანაში 839 ბავშვს სჭირდება. ეს კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომელიც 2013 წელს ჩავატარეთ."

საძირკვლის ჩაყრის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული მიღება გამართეს. პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოებას პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიებას პროექტის დონორები და ელჩები ესწრებოდნენ.

პროექტის ინიციატორებმა და დონორებმა აღნიშნეს, რომ  ეს არის სამაგალითო და უნიკალური პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო ეფექტურად თანამშრომლობის თვალსაზრისით.  

 

###

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მედია ამ თემაზე

ტვ სიუჟეტები

რა არის ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და  სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.  ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.  მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.

უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა ოჯახზეა ორიენტირებული. უმჯობესია, რომ  პალიატიური მზრუნველობა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს. ეს ეფექტურია როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის, რადგან ამსუბუქებს ტკივილს და ემოციურ გადატვირთვას, რომლებიც ბავშვს და მის ოჯახს ერთნაირად ურთულებს მძიმე დაავადებასთან შეგუებას და ბრძოლას. 

ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან. ოცნებების სახლი“, „მსოფლიო რუკა“, „ვარსკვლავებზე ნადირობა“, „ცისარტყელის მიღმა“, „იმედის სახლიასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა ჰოსპისები.

ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის,  მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.

 

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო". ფონდის მხარდაჭერით დღემდე თბილისში ფუნქციონირებს ორი ჰოსპისი ზრდასრული პირებისთვის- ერთი ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში. 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 4
5 8 9 11
12 14 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 28 29 30 31  
 

სხვა ახალი ამბები