არასამთავრობო ორგანიზაციები ფედერიკა მოგერინის მიმართავენ
 

 

   2 მარტი, 2016  წ.                                           თბილისი, საქართველო                                                                                              

 

მის აღმატებულება  ფედერიკა მოგერინის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა

და უსაფრთხოების საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

 

თქვენო აღმატებულებავ,

ნება მოგვეცით, მოგმართოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაგეგმილი მოლაპარაკების თაობაზე, რომლის მიზანია ასოცირების დღის წესრიგის შემუშავება.  

ჩვენ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალურ კოალიციას, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო". აღნიშნული კოალიცია ჩამოყალიბდა 2014 წელს და მისი მიზანია საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონოტორინგის მეშვეობით. გასული წლის განმავლობაში კოალიციამ მოამზადა ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ანგარიშები და ანალიტიკური დოკუმენტები. კოალიცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან და მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ ვაფასებთ   ევროკავშირის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას  ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.  გვინდა აღვნიშნოთ, რომ გასული წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სფეროებში და ევროპული არჩევანის ერთგული რჩება.   

ევროკავშირი მუდამ ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების როლს ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის მხარდაჭერის, რეფორმების განხორციელებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის პროცესში. 

ასოცირების ხელშეკრულებისა და არსებული ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ დოკუმენტში ჩადებულია ზოგადი მიზნები და ვალდებულებები, რაც ართულებს შეფასების პროცესს. ვიზის ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების დეტალურ მონიტორინგს ითვალისწინებს, დასასრულს უახლოვდება.  ამის გათვალისწინებით, საჭიროა ახალი მექანიზმის შექმნა, რომელიც ზუსტად და დეტალურად განსაზღვრავს ევროინტეგრაციის პროცესში სამომავლოდ გასატარებელ რეფორმებს. მიგვაჩნია, რომ ასოცირების დღის წესრიგის ის დოკუმენტი, რომელზეც საქართველო და ევროკავშირი მოილაპარაკებენ, უნდა იყოს დეტალურად გაწერილი.  

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და ევროკავშირი აღრმავებენ ურთიერთობებს და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების გამართვა, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და საქართველოს მთავრობას:

-         მოლაპარაკებები გაიმართოს დეტალური ასოცირების დღის წესრიგის შესამუშავებლად, სადაც ნათლად იქნება გაწერილი ნიშნულები და წარმატების გაზომვადი ინდიკატორები;

-         მოლაპარაკების წინა და მიმდინარეობის პროცესში გაიმართოს შედეგზე ორიენტირებული კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ აქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

დეტალურად გაწერილი ასოცირების დღის წესრიგის მიღება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ზუსტი მიზნები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს უფრო სიღრმისეული ანალიზი და შეფასება გააკეთონ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ თუ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს შეფასებები  ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარონ.  

ამასთანავე, ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში სხვადასხვა აქტორების მონაწილეობა ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეთა უფრო მეტ ჩართულობას და პროცესის მიმართ საკუთრების შეგრძნების ჩამოყალიბებას.

ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნულ კონსულტაციებში და მოლაპარაკების მხარეებს ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ.

 

პატივისცემით,

ქეთი ხუციშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი  

ანა ნაცვლიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე 

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმა" სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი

ნინო ელბაქიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი 

ბაბუცა პატარაია, კავშირი „საფარის" აღმასრულებელი დირექტორი

ანა აბაშიძე, „პარტნიორობა  ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე

კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი

 

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია.

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 

სხვა ახალი ამბები