ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის
 

1 დეკემბერს, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა,  სადაც ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებით იმსჯელეს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების,   საერთაშორისო ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები  საქართველოდან, სომხეთიდან აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიებას 100-მდე მონაწილე დაესწრო.

რეგიონული კონფერენცია ფონდი  „ღია საზოგადოება-საქართველოს“,  ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის და  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორგანიზებით ჩატარდა.

შეზღუდული შესაძლებლობების პრევენცია ადრეული განვითარების ეტაპზე- საუკეთესო შემთხვევაში 3 წლის ასაკამდე (მაქსიმუმ 7 წლამდე) ჩარევით არის შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც საქართველოში ადრეული განვითარების პროგრამა ამოქმედდა, მოთხოვნა ოჯახების მხრიდან გაიზარდა.

კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზატორების ძირითადი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ ვაუჩერების რაოდენობის გაზრდა, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და არსებული მომსახურების მონიტორინგის და კონტროლის გაუმჯობესებაა.

საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით განვითარების პრობლემა ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება. საქართველოში 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 370 000 ბავშვია, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მსგავსი პრობლემა შესაძლოა 30 000 ბავშვს ჰქონდეს. თუმცა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 0-დან 9-წლამდე  განვითარების დარღვევების მქონე მხოლოდ 13 412 ბავშვი ჰყავს აღრიცხული.

ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით 7  წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 3 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 1041 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით კი მხოლოდ 622 ბავშვის მომსახურება ხერხდება.    

განვითარების შეფერხება არ გულისხმობს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობას. განვითარების შეფერხება შესაძლოა გამოხატულ იქნას კომუნიკაციური უნარის ან მეტყველების პრობლემით, ასოციალურობით, ყურადღების დეფიციტით და სხვა ქცევითი დარღვევით.  განვითარების შეფერხების დადგენა ხდება სხვადასხვა გამოკვლევით, რომლის შემდეგ ბავშვი ადრეულ  ჩარევას საჭიროებს. ადრეული ჩარევის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი ან ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს განვითარების შეფერხებას.

ბავშვთან და მის ოჯახთან მომუშავე გუნდი დაკომპლექტებულია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტით, ფსიქოლოგით, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტებით. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა 3 წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი 7 წლის ასაკამდეა ეფექტური.

ადრეული ჩარევა არ გულისხმობს ბავშვთა რეაბილიტაციას. იგი მორგებულია ოჯახის საჭიროებებზე. ადრეული განვითარების პროგრამა ოჯახთან მუშაობის გარდა ითვალისწინებს ბავშვებთან მუშაობის და განვითარების მეთოდების დანერგვას საბავშვო ბაღებში. 

 

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის წევრები არიან:

საქართველოს ა. ლაჭყეპიანის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია, ნეიროგანვითარების ცენტრი, საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, აბილიტაციის და განვითარების ცენტრი ბათუმში, ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის ქუთაისში, პირველი ნაბიჯი საქართველო, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისი“, ექიმები ადამიანის უფლებებისთვის, კავშირი "საქართველოს ბავშვები", საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია თელავში, კოალიცია"სოციალური რეფორმებისათვის" ფოთში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი.

 

მედია ამ თემაზე:

კონფერენცია ბავშვის ადრეულ ეტაპზე განვითარების საკითხებზე- ტელევიზია 

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ადრეული განვითარების შეფერხებისას- ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთი" 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები