“საყოველთაო შეკრება - ახალი ნარკოპოლიტიკისთვის”
 

2 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად "საყოველთაო შეკრება - ახალი ნარკოპოლიტიკისთვის" გამართა. ღონისძიება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის "ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" ფარგლებში ჩატარდა.

თეთრი ხმაურის მოძრაობა საყოველთაო შეხვედრას ყოველ გაზაფხულზე მართავს. ის ემსახურება მხარდამჭერებისა და სფეროს მოთამაშეებისთვის განვლილი წლის შეჯამებასა და მომავალი გეგმების გაცნობას.

წლევანდელი საყოველთაო შეხვედრა პლატფორმის მიერ მომზადებული რეფორმის შინაარსის ფართო აუდიტორიამდე მიტანისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით გაიმართა. წარმოდგენილი რეფორმა, რომელიც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა პირველადი პრევენციის სისტემის დანერგვასა და სამკურნალო/სარეაბილიტაციო და სოციალური მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ღონისძიება მულტიფუნქციურ დარბაზ SPACEHALL-ში ორ ნაწილად ჩატარდა, შუალედში მცირე მუსიკალური წარმოდგენაც გაიმართა.

საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სპეციალისტების მონაწილეობით შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ვორქშოფს შემდეგ თემებზე:

  • პირველადი დახმარება;
  • ზედოზირების მართვა;
  • რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან ურთიერთობისას;
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები;
  • ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები.

მოცემული თემები შეირჩა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: პირველადი დახმარების და ზედოზირების მართვის ვორქშოფებით ხაზი გაესვა დახმარების მიდგომის აუცილებლობას ახალი ნარკოპოლიტიკის პირობებში; პოლიციასთან ურთიერთობის საკითხებზე ვორქშოპით კი, მოძრაობამ უპასუხა მხარდამჭერების უმთავრეს საჭიროებას დღევანდელი ნარკოპოლიტიკის ვითარებაში - ცოდნა და უნარ-ჩვევები პოლიციელებთან ურთიერთობის დროს; ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, რომლის მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი არსებობს; და ბოლოს, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ქართული კონტექსტის მიმოხილვით შესაძლებელი გახდა თვალნათლივ გვეჩვენებინა არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა და დაკავშირებული რისკების მართვისთვის ახალი ნარკოპოლიტიკის აუცილებლობა.

ღონისძიების მეორე ნაწილში თეთრი ხმაურის მოძრაობამ განვლილი ერთი წლის მიმოხილვა გააკეთა და დამსწრეებს ყველა ის მნიშვნელოვანი პერიოდი და აქტივობა შეახსენა, როცა მხარდამჭერთა მობილიზებითა და ჩართულობით წინმსვლელი ნაბიჯები გადაიდგა.

შეხვედრის უმთავრესი ნაწილი კი მომზადებული რეფორმის დეტალების შესახებ პრეზენტაციებს დაეთმო.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ საზოგადოებას პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი სერვისის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თეთრი ხაზი - 205 22 11 - ცხელი ხაზია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიიღებს გადაუდებელი იურიდიული დახმარების მოთხოვნით შემოსულ შეტყობინებებს. ამავე ხაზის საშუალებით მოქალაქეებს შეეძლებათ იურიდიული კონსულტაციის მიღება. ამ სერვისის ფარგლებში, თეთრი ხმაურის იურისტი, გიორგი მახარაძე პარტნიორ ადვოკატებთან ერთად მზად არის ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმაროს.  

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები