www.aa.ge - ახალი ვებპორტალი ასოცირების ხელშეკრულების შესახებ
 

2017 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პარლამენტს მართვაში გადაეცა ფონდის მიერ შექმნილი  ვებპორტალი www.aa.ge. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა მოაწერეს ხელი.

ვებპორტალი საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას შეეხება და იგი ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამამ მოამზადა რუმინულ ორგანიზაციასთან "რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი" თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია რუმინეთის მთავრობა.

ვებპორტალის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მარტივად შეძლონ ინფორმაციის მოძიება იმ ვალდებულებების შესახებ, რომელთა შესრულებაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად იკისრა.

ვებპორტალი მომხარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიოს თემა, რომელიც აინტერესებს (მაგ: განათლება, საბაჟო კანონმდებლობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, მცენარეთა დაცვა, ვეტერინარია და ა.შ.) და 2029 წლის ჩათვლით, წლების მიხედვით დაახარისხოს ინფორმაცია, რა სფეროში და რომელ წელს უნდა მოახდინოს საქართველომ კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოება. გარდა ამისა, ვებპორტალის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული დირექტივის ან რეგულაციის ორიგინალში გაცნობა და ვალდებულებების დეტალურად შესწავლა და ისიც, თუ რა ეტაპზეა ამა თუ იმ რეგულაციასა და დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესი.

პორტალი მომხარებელს ასევე საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია, რომელი სახელმწიფო უწყებაა ვალდებული ამა თუ იმ ნორმატიული აქტის მომზადებაზე და რა ეტაპზეა მზადების პროცესი.

ვებპორტალზე რეგულარულად დაიდება სტატიები, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს, მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროების მიხედვით რა ვალდებულებები აქვს საქართველოს შესასრულებელი, რას ითვალისწინებს კონკრეტული რეგულაციები, როგორია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა და რისი შეცვლაა საჭირო, ასევე რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ფართო საზოგადოებაზე.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები