თვითმმართველობებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად რეკომენდაციები შემუშავდა
 

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა" კვლევა ჩაატარა - „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - მონიტორინგი და რეკომენდაციები". კვლევის შედეგები ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს გააცნეს.

კვლევა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული მუნიციპალური აქტების, არსებული პრაქტიკის ანალიზსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პრობლემები გამოვლინდა დასახლების საერთო კრებების ორგანიზებასა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კრებების პოპულარიზაცია მოახდინონ და საზოგადოებას გაუჩინონ ინტერესი ჩართულობის ამ ფორმის მიმართ.

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა" ხარვეზები დააფიქსირა, ასევე, პეტიციის წარდგენისა და ამ წესით წარსადგენ საკითხთა ჩამონათვალთან დაკავშირებით. ორგანიზაცია თვლის, რომ პეტიციის ეფექტურობის გასაზრდელად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი.

რაც შეეხება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში არსებული საბჭოები ფიქტიური და უფუნქციოა, მას გამგებელი/მერი საკუთარი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს, ხოლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამგებლისთვის/მერისთვის მიწოდება და მათზე რეაგირების პროცედურა გაწერილი არ არის, ისევე, როგორც არაა გათვალისწინებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დაინტერესებულ პირთა დასწრება.

ხარვეზები გამოვლინდა, აგრეთვე, საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც. კერძოდ, კანონქვემდებარე აქტით არ არის განსაზღვრული დაინტერესებული პირის უფლებები საკრებულოს წევრთან ურთიერთობის პროცესში და არ არის განსაზღვრული საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის ინიციატივაზე რეაგირების წესი; აგრეთვე, საკრებულიოს სხდომაზე დასასწრებად აუცილებელია, პირმა წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო მის მიერ გამოთქმული ინიციატივებზე რეაგირებისთვის არ არსებობს შესაბამისი მექანიზმი.

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა" კვლევა 15 საპილოტე მუნიციპალიტეტში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თიანეთი, თეთრიწყარო, დუშეთი, გორი, ქალაქი გორი, მცხეთა, საგარეჯო, ლაგოდეხი, ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქუთაისი, ქალაქი რუსთავი, ქალაქი თელავი), ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის შედეგად, ორგანიზაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც კანონმდებლობაში უნდა შევიდეს. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ანგარიშის პრეზენტაცია 

ანგარიში „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - მონიტორინგი და რეკომენდაციები" 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 

სხვა ახალი ამბები