არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს
 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10.2 მუხლის შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერ მუნიციპალიტეტებში, შემდგომ კი საქართველოს პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები „თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ" გამართა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შესაბამისად, უნდა გაემართა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და არა სხვა რომელიმე ორგანიზაციას. გარდა ამისა, „თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" მიერ გამოცემულ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მან გამართა 7 რეგიონული შეხვედრა, რომელსაც, უმეტესად, მერები/გამგებლები, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს შეხვედრები მათთან კონსულტაციის მიზნით ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სათემო მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ცალ-ცალე უნდა გამართულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების შესახებ ოფიციალურად „თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" მიერ გამართულ შეხვედრებზე მიუთითებს, მან, მოთხოვნის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტები  არ მიაწოდა.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა "შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების)  მოსახლეობასთან კონსულტაციის" შესახებ და მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, ვინაიდან მსგავს რეჟიმში წარმოებული რეფორმის შედეგი არა მხოლოდ ამ რეფორმის ლეგიტიმაციის მიმართ აჩენს შინაარსობრივ კითხვებს (რადგან, უმეტეს შემთხვევებში, იგი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა), არამედ უშუალოდ პროცედურის კანონიერება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რის გამოც სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები