პლაგიატი საქართველოს აკადემიურ სივრცეში - პრევენცია და ბრძოლა
 

აკადემიური პერსონალის გადამზადების, აკადემიური წერის კურსების განახლებისა და პლაგიატის დეტექციის პროგრამის შესასყიდად ევროკავშირმა 12 ქართული უნივერსიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ორწლიანი პროექტი 856.834,00 ევროთი დააფინანსა.

ყველაფერი კი 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტით. ფონდის გრანტით არასამთავრობო ორგანიზაციის, უნი.ჯის  პროექტი „პლაგიატი საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პრევენცია და ბრძოლა" განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში აკადემიური კულტურის განვითარების ხელშეწყობას, აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრობლემის კვლევასა და საჯარო დისკუსიების საფუძველზე პლაგიატთან მიმართებაში ერთიანი ქმედითი პოზიციის შემუშავებას.

ხარისხიანი განათლება დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. დღეს, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის და გლობალურ აკადემიურ სამყაროში კონკურენციის პირობებში ხარისხიანი სწავლება და კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

პლაგიატის პრევენციისა და ბრძოლის მეთოდების ეფექტურობის თვალსაზრისით  საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს. ქართულ წყაროებში ინფორმაცია პლაგიატის შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. პლაგიატის პრობლემა ცნობილი იყო, თუმცა ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი არ ყოფილა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოწმდებოდა, თუ კონკრეტული საჩივარი ან ბრალდება დაფიქსირდებოდა იდეის ან ნაშრომის მითვისების შესახებ.

უნი.ჯის პროექტი იყო საქართველოში პლაგიატის  საკითხის სრულფასოვანი კვლევისა და საჯარო დისკუსიების გამართვის ერთ-ერთი პირველი მცდელობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის საბოლოო ვერსია გაიგზავნა საერთაშორისო კოლეგიალურ განხილვაზეც (Peer Review), რასაც დადებითი შეფასებები და გამოხმაურება მოჰყვა.  კვლევის შედეგები განიხილეს საქართველოს უნივერსიტეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მის მიერ დაფინანსებული პროექტების მდგრადობას, ამიტომ კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების  დანერგვა და გათვალისწინება კანონქვემდებარე აქტებში ფონდისათვის პრიორიტეტული იყო და უნი.ჯი აგრძელებდა აქტიურ მუშაობას - რეკომენდაციების დანერგვასა და პლაგიატის წინააღმდეგ აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებასა და  მხარდაჭერას. შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი განხორციელდა:

- განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 6-7 დეკემბერს წარადგინა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროექტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაცია;

- ფონდის დახმარებით დამატებით ითარგმნა და გამოიცა რეკომენდაციების კრებული "კარგი სამეცნიერო პრაქტიკის უზრუნველყოფა", რაც არა მხოლოდ პლაგიატის, არამედ ზოგადად, აკადემიური არაკეთილსინდისიერების პრევენციის საკითხს ეხება.

პროექტის დასრულების შემდეგ უნი.ჯიმ უნივერსისიტეტებთან ერთად გააგრძელა პლაგიატის პრობლემაზე მუშაობა და Erasmus+ ფარგლებში გამოცხადებული ინსტიტუციური თანამშრომლობის კონკურსში (CBHE) 2017 წლის თებერვალში წარადგინა საპროექტო განაცხადი, რომლის მიზანიც იყო პლაგიატის პრევენციის მეთოდების დანერგვა ქართულ უნივერსიტეტებში და აკადემიური კულტურის განვითარება  - აკადემიური პერსონალის გადამზადება, აკადემიური წერის კურსების განახლება და პლაგიატის დეტექციის პროგრამის შესყიდვა. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა დააფინანსა 12 ქართული უნივერსიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ორწლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტია 856.834,00 ევრო.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 

სხვა ახალი ამბები