დისკრიმინაციის 60 საქმე
 

30 მარტი, 2018

კოალიციის თანასწორობისათვის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში 2016-2017 წლებში  საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში და სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ დისკრიმინაციის საქმეებს ასახავს.

ანგარიშში შესულია კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ნაწარმოები 60 საქმე. საქმეები ეხება დისკრიმინირებული ჯგუფების მდგომარეობას, სამართალწარმოების პროცესს და მის შედეგებს.

აქედან, ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციის შემთხვევაა, რომელსაც მოსდევს დისკრიმინაციის შემთხვევები სქესის,  საცხოვრებელი ადგილის (უსახლკარობის გამო), რელიგიის,  სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის, ეთნიკური, პოლიტიკური და სხვა ნიშნით. ამავე ანგარიშში შესულია სექსუალური შევიწროების ერთერთი საქმე, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ არის მიმართული.

„მას შემდეგ, რაც  ანტიდისკრიმინაციული კანონი იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გახდა აღსრულების მონიტორინგი  და დაზარალებულების ინტერესების დაცვა სასამართლოში, თუ მათი წარდგენა სახალხო დამცველთან. კოალიციის წევრები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ  დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ინტერესებს სასამართლოში. ანგარიშში ასახული შემთხვევები მრავალფეროვანია, თუმცა მე მაინც მინდა გამოვყო  სოციალური სისტემის პრობლემა, რაც სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, უსახლკარო ადამიანებს გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რიგებიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ კოალიციამ ამ საკითხზე აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა"- ამბობს ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი.

ანგარიშში ასახული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევა, თუმცა ამ ჯგუფის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ტრანსი ქალია მზად, რომ საზოგადოების წინაშე მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბროს.

„ჩვენ თითქმის ყოველდღე განვიცდით ძალადობას ოჯახში, ქუჩაში, ტრანსპორტში...ეს ძალადობა დაუფარავია და უმეტეს შემთხვევაში რეაგირების გარეშე რჩება როგორც გამვლელების, ასევე სამართალდამცავების მხრიდან. ჩვენ არ გვინდა, რომ ყოველი ჩვენი გამოჩენა საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს სიცოცხლეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე დაისაჯოს, საზოგადოებას კი სწორად მიაწოდონ ინფორმაცია ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ."- ამბობს ნატა.

საქმეების დეტალური აღწერა შეგიძლიათ ნახოთ ანგარიშში.

კოალიცია "თანასწორობისათვის" 2014 წლის აპრილში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა, როცა პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა მიმდინარეობდა.  კანონის მიღება არ ყოფილა კოალიციის მისიის დასასრული და კოალიციამ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო კანონის იმპლემენტაციის პროცესში, გაეძლიერებინა სახალხო დამცველი, აემაღლებინა მოსამართლეთა ცნობიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მიეცა დისკრიმინირებული ჯგუფებისათვის გამოეყენებინათ კანონით გათვალისწინებული დაცვის საშუალებები. კოალიციის წევრები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ნიშნით დისკიმინირებული წევრების საქმეთა წარმოებას. EMC - რელიგიური ნიშანი, საფარი - გენდერული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ეთნიკური და რასის ნიშნით დისკრიმინაცია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და იდენტობა - სექსუალური ორიენტაცია და გენდერული ნიშნით,  42-ე მუხლი - პოლიტიკური, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ბავშვების და შშმ პირების დაცვა და ა.შ

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
 

სხვა ახალი ამბები