მეტროს თანამშრომლებისთვის გაფიცვის შეზღუდვა უკანონო გადაწყვეტილებაა- ვაკო ნაცვლიშვილი
 

ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენლის და იურისტის ვაკო ნაცვლიშვილის ანალიზი მემანქანეთა გაფიცვასთან დაკავშირებით. 

წყარო: ნეტგაზეთი

 

"სასამართლოს არ უთქვამს, რომ მეტროს დაგეგმილი გაფიცვა უკანონოა. სასამართლომ თქვა, რომ სანამ ამას გაარკვევს, სავალდებულოდ მიაჩნია, გაფიცვა უვადოდ შეაჩეროს. ამას სამართალში უზრუნველყოფის ღონისძიება ჰქვია.

რა არის უზრუნველყოფის ღონისძიება? უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს და, რომ არა წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება, ანუ მართლმსაჯულება აზრს დაკარგავს. მაშასადამე, უზრუნველყოფის ღობისძიების გამოსაყენებლად სასამართლოს სჭირდებოდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გაფიცვის უკანონობის ვარაუდს გააჩენდა. არსებობდა ამ საქმეში ასეთი გარემოებები?

ამ საქმეში ასეთი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად არ არსებობდა. ეს ინტერპრეტაცია რომ არ გეგონოთ, სასამართლო გადაწყვეტილებას ჩახედეთ. იქ ნახავთ, რომ თავად სასამართლოს მიაჩნია უდავოდ ის გარემოებები, რომლებიც გაფიცვას უკანონოდ აქცევს. სხვა სიტყვებით, სასამართლო ამავე გადაწყვეტილებაში ღიად ამბობს, რომ გაფიცვის უკანონობისთვის საჭირო გარემოებები არ არსებობს. და მაინც - სასამართლო ამბობს, რომ გაფიცვა შესაძლოა უკანონო იყოს. რა ხდება?

სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, გადაწყვეტილების რამდენიმე ნაწილს უნდა შევეხოთ. სასამართლომ თქვა, რომ გაფიცვის უფლებას მემანქანეებს მხოლოდ სამუშაო საათებში უჩერებს, არასამუშაო საათებში გაიფიცნონო. ამას ახსნა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ გაფიცვა არის სამუშაოს შესრულებაზე უარი: სამუშაოს დასრულების შემდეგ მშრომელების საპროტესტო გამოსვლა გამოხატვის თავისუფლებაა და არა - გაფიცვა.

ამ ყველაფერთან ერთად, სასამართლო გადაწყვეტილებაში არის ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე საგანგაშო დასაბუთება. სასამართლო ამბობს: მართალია, თვეზე ნაკლები ხნის წინ მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა უკვე ავუკრძალე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოშია გასაჩივრებული და, შესაბამისად, შესაძლოა, გაუქმდესო. და თუ ეს აკრძალვა გაუქმდება - აგრძელებს სასამართლო - შესაძლოა, მეტრო პარალიზდესო. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო აზრს უკარგავს, ძალას წინასწარ ართმევს მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საყდრისის ამბავი ხომ არ გაგახსენდათ? სანამ სასამართლო საყდრისის შესახებ ერთ გადაწყვეტილებაზე მსჯელობდა, სამინისტრომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო და იმავე დღეს ძეგლი ააფეთქა. სხვა სიტყვებით, სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილებას აზრი წინსწრებით წაართვა, ძალა წინასწარ დაუკარგა. მეტროს შემთხვევაში, იგივეს თავად სასამართლო აკეთებს. მაშ, რა ხდება? ეს მოსამართლის მიერ მხოლოდ მცდარად წაკითხული კანონია? თუ სახელმწიფო ორგანოები შეთანხმებულად მოქმედებენ, რომ მეტრო არ გაიფიცოს? მკაცრად ვერიდები ხოლმე ასეთ მტკიცებებს, მაგრამ ახლა მჯერა, რომ საქმე მეორესთან გვაქვს.


თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას, "ერთობა-2013"-ს კიდევ ერთხელ და ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. ვრცლად თემაზე წაიკითხხეთ აქ.

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 7 8 9 11
12 13 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  
 

სხვა ახალი ამბები