რამდენად ირჩევს საქართველო ნაკლებად სადამსჯელო და მეტწილად ადამიანის უფლებებსა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გზას?
 

 

11-12 ივნისს ღია საზოგადოების ფონდის მოწვევით ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიშელ კაზაჩკინი  და პრაღის ყოფილი მერი პაველ ბემი საქართველოს სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის, განათლების და მეცნიერების მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ნარკომომხმარებლებთან.

საქართველოს პარლამენტში ამჟამად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონების რეფორმირების მიზნით დებატები მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა ნარკოტიკების მოხმარების და ფლობის კრიმინალიზაცია დასრულდეს და სასჯელის ალტერნატიული ფორმები გამოიძებნოს. ვიზიტის მიზანი  ნარკოპოლიკის რეფორმის პროცესში მყოფი საქართველოს მთავრობის შეხედულებების და ხედვის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო. 

ამ რეფორმების ფონზე, კომისიის წევრები, მიშელ კაზაჩკინი და პაველ ბემი ყურადღებას ამახვილებენ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიშზე „ნარკოპოლიტიკის რეფორმის ხელშეწყობა: ახალი მიდგომა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ“. ანგარიში დეტალურად აღწერს ნარკოპოლიტიკის მიმართ სადამსჯელო მიდგომის დესტრუქციულ და საზიანო შედეგებს. მასში ნაჩვენებია, რომ სასჯელის გაუქმება არ გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარების წაქეზებას ან გამართლებას, არამედ ის ეხმარება ადამიანებს,  ხელს უწყობს პრევენციას და ამარტივებს მკურნალობის ხელმისაწვდომობას; ამას გარდა, აღადგენს ნდობას სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის.  

როგორც კომისიის წევრმა  მიშელ კაზაჩკინმა განაცხადა „10 წლის წინ გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველომ ზიანის შემცირების ეფექტური პროგრამა განახორციელა. შპრიცების გაცვლას და მეტადონით მკურნალობას ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) დაავადების მნიშვნელოვანი შემცირება მოყვა. ნარკოტიკების მოხმარების და ფლობის დეკრიმინალიზაცია შეამცირებს სამართლებრივ ზეწოლას და შეზღუდვებს, რაც ამ ადამიანებს ისევ მისცემს ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალებას. სწორედ ეს არის გზა მათი სიცოცხლის გადარჩენისა“.

კომისიის მეორე წევრის პაველ ბემის განცხადებით „საკმაოდ დადებითი შედეგები მოჰყვა 10 წლის წინ ჩეხეთში განხორციელებულ ნარკოტიკების მოხმარების და ფლობის დეკრიმინალიზაციას. საქართველოში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მიმდინარე დებატებს სათანადო ნარკოპოლიტიკის შემუშავებისთვის, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი სპეციფიკა, კონკრეტულ გარემო  და ქართველი ხალხის საჭიროებები“.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის შესახებ

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია 2011 წელს შეიქმნა პოლიტიკური ლიდერების, კულტურის მოღვაწეების და საფინანსო და ბიზნეს სექტორების გავლენიანი წარმომადგენლების მიერ. ამჟამად კომისიას 24 წევრი ყავს, მათ შორის 12 ყოფილი სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი და სამი ნობელის პრემიის ლაურეატი. მისი მთავარი მიზანია მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის რეფორმირების ხელშეწყობა საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე. ამ რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური ინტეგრაციის და უსაფრთხოების მიზნებს, რა დროსაც მკაცრად უნდა იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ შვიდი ანგარიში გამოაქვეყნა. პირველი ანგარიში „ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ“ 2011 წელს გამოქვეყნდა და ის დეტალურად აღწერს იმ წარუმატებლობის და ზიანის მასშტაბებს, რომელიც აკრძალვის და სადამსჯელო ღონისძიებების ხუთ ათწლეულს მოყვა. მეორე ანგარიში „კონტროლის დამყარება: გზა წარმატებული ნარკოპოლიტიკისკენ“ 2014 წელს გამოქვეყნდა და მასში აღწერილია ჯანდაცვის მიდგომები, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივები და დეკრიმინალიზაცია. ამას გარდა, ანგარიში ფსიქოაქტიური ნივთიერებების სამართლებრივი რეგულირებისკენ მოუწოდებს. 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიში „ნარკოპოლიტიკის რეფორმის ხელშეწყობა: ახალი მიდგომა დეკრიმინალიზაციისკენ“ უფრო ღრმად აანალიზებს დეკრიმინალიცაზიის დადებით მხარეებს და პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობისთვის ჯარიმების და სისხლის სამართლებრივი სასჯელის გაუქმებისკენ მოუწოდებს. 

ნარკოპოლიტიკის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ სამ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც ნარკოკონტროლი ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებზე ახდენს: შიდსი (როგორ უწყობს ხელს ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია გლობალურ პანდემიას, 2012), С ჰეპატიტი (С ჰეპატიტის ფარული ეპიდემია, 2013), და დაბრკოლებებს უქმნის იმ ესენციურ მედიკამენტებზე წვდომას, რომლებიც ტკივილის გასაყუჩებლად და პალიატიური მკურნალობისთვისაა საჭირო იმ ქვეყნებში, სადაც ისინი გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენენ (პრევენციული ტკივილის გლობალური კრიზისი, 2015).

2017 წლის ოქტომბერში, ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი ჩრდილოეთ ამერიკაში ოპიოიდური კრიზისის შესახებ, სადაც აშშ-სა და კანადაში ზედოზირების უპრეცედენტო ეპიდემიის შემსუბუქების თაობაზე რეკომენდაციებს სთავაზობს.

კომისიის ბოლო ანგარიში „ნარკოტიკების აღქმის მსოფლიო პრობლემა - ნარკოტიკების მომხმარებლების შესახებ ცრურწმენებთან დაპირისპირება“, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ნარკოტიკების შესახებ ყველაზე გავრცელებულ აღქმებს და შიშებს აანალიზებს, მათ ნარკოტიკების შესახებ არსებულ მტკიცებულებებს და ნარკომომხმარებლებს ადარებს და სთავაზობს რეკომენდაციებს ცვლილებების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია უფრო ეფექტური ნარკოპოლიტიკის განხორციელებისკენ მიმართული რეფორმების მხარდასაჭერად.  

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
 

სხვა ახალი ამბები