ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმერთვა პრემიერმინისტრს

13 ივლისი, 2018

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო და  ადგილობრივ დონეზე თავიდანვე ჩართულნი ვართ „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) პროცესებში, მოგმართავთ ღია წერილით, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ღრმა შეშფოთება „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში მიმდინარე პროცესთან და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვაცნობიერებთ, რომ თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს, რომელიც სულ ახლახან შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, პროცესის შეფერხებასა და კონკრეტული მნიშვნელოვანი შედეგის მიუღწევლობაში წვლილი არ მიგიძღვით, მაგრამ როგორც  მთავრობის ხელმძღვანელმა და ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტის მასპინძელმა, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც, საქართველო, როგორც ამ პარტნიორობის წევრი და თავმჯდომარე ქვეყანა დგას. „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყნის, პასუხისმგებლობაა სხვა პარტნიორ ქვეყნებს აჩვენოს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სფეროში რეფორმების საუკეთესო მაგალითი  და სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღოს ვალდებულება ისეთი რეფორმების გატარებაზე, რაც უპასუხებს ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს და დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

თუმცა, საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეოთხე სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, გლობალური სამიტის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტული მიმართულებაა,  მთავრობამ სამოქმედო გეგმაში არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად შეთავაზებული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე.

სამოქმედო გეგმის შინაარსის გარდა, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი წუხილები უკავშირდება „ღია მმართველობის პარტნიორობის" 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსაც. სამოქალაქო საზოგადოებას გეგმის პროექტზე შენიშვნებისა და რეკომენდაციების მისაწოდებლად უკიდურესად მოკლე დრო მიეცა იმ მოცემულობაში, როცა მთავრობის შიგნით განხილვები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ სამთავრობო უწყებებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ კომპრომისულ ალტერნატიულ წინადადებებზე, რის გამოც მოლაპარაკებისთვის დრო, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მიგვაჩნია, რომ პროცესის ამგვარი ხარვეზები აზიანებს "ღია მმართველობის პარტნიორობის" ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს: ღია და გახსნილ თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის.

მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ასევე საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით გლობალური სამიტის დროს გააქტიურებული საერთაშორისო ყურადღების ფონზე. "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და პროცესის კრიტიკული მდგომარეობის გამო,  სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა.

ვინაიდან სამოქმედო გეგმა ფორმალურად ჯერ არ არის დამტკიცებული, პრემიერ-მინისტრს კიდევ აქვს შესაძლებლობა დადებითად შემოაბრუნოს პროცესი, სწორად დაინახოს პრობლემები,  დაარწმუნოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ გადახედონ სამოქმედო გეგმის პროექტს და სამიტზე წარმოადგინონ ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ამბიციური დაპირებები იქნება წარმოდგენილი.

სამომავლოდ „ღია მმართველობის პარტნიორობის" მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროცესს კოორდინაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს, ვინაიდან უკანასკნელი პროცესები აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი.

ვინაიდან, გვსურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ღია მმართველობის კუთხით რეგიონული ლიდერის სტატუსი, და "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედო გეგმის მეშვეობით განახორციელოს  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კარგი შედეგი აჩვენოს როგორც გლობალური სამიტის სათანადო ორგანიზების, ისე ძლიერი და ტრანსფორმაციული სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით, რადგან სწორედ ამგვარი ნაბიჯებით გახდება შესაძლებელი, ქვეყნის შიგნით კარგი მმართველობის ჩამოყალიბება და ქვეყნის გარეთ, პარტნიორობის სხვა ქვეყნებისათვის სანიმუშო მაგალითის მიცემა.

 

„ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 4 5 6
7 9 10 11 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 

სხვა ახალი ამბები