დეინსტიტუციონალიზაცია: ბავშვთა სახლებიდან ოჯახურ გარემოში

ირმა ხაბაზი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა

 

"დეინსტიტუციონალიზაცია" ამ სიტყვის გამოთქმა ყოველთვის მიჭირს: ცოტა ენის გასატეხივითაა - „დე-ინსტი-ტუცი-ონა-ლიზა-ცია".

მიჭირს, მაგრამ ძალიან ხშირად მიხდება, რადგან ამის საჭიროება საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს და ამ პროცესში უკვე მრავალი წელია აქტიურად ვართ ჩართულები.

ეს „ვართ" პირადად მე უმნიშვნელოდ  მეხება,  თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი  ხდება მაშინ, როცა ვგულისხმობ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის გუნდის სამ ადამიანს, რომლებთან ერთადაც,  შეიძლება ითქვას,  24-საათიან  რეჟიმში ვმუშაობ;  კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,   როცა მთლიანად ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს", „ღია საზოგადოების ფონდების" საერთაშორისო გაერთიანებებს,  ჩვენს პარტნიორ არასამთავრობოებსა  და  სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე თანამოაზრეებს ან მთლიანად საზოგადოებას ვგულისხმობ.

ეს ერთიანობა ძალას გვმატებს, რადგან „დეინსტიტუციონალიზაცია" ძალიან რთული პროცესია -  უამრავი ობიეტური და სუბიეტური სიძნელეების მომცველი.

ამ სიძნელეებში მოიაზრება დეცენტრალიზაციის სირთულე და მატერიალური ფაქტორები; განსხვავებული ფასეულობები, სიფრთხილე, სიახლეების შიში, ვიწრო თვალსაწიერი, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა,  პრობლემების მიმართ ზერელე დამოკიდებულება. მართლაც, ბევრად უფრო ადვილია, როცა ასეულობით ბავშვი თუ მოზრდილი [საზოგადოების უპასუხისმგებლობისა თუ სხვა მრავალ მიზეზთა  გამო] ჩაკეტილია შორს, რაღაც სივრცეში, სადაც მათ შენ ვერ ხედავ [მერე რა, რომ მათ  ასე უჭირთ ან გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება და ხშირად სიცოხცლის დამთავრებაც].

ამ საზოგადოებისგან იზოლირებულ ადამიანებში  ახალშობილებსაც ნახავთ, მოზარდებსაც, „ტიპიურ" თუ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსაც: ჯანმრთელსა თუ ძალიან მძიმე ავადმყოფებს;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და უპატრონო მოხუცებსაც. ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაცია და  ღირსეულ წევრებად დაბრუნება არის ამ რთულად გამოსათქმელი სიტყვის „დეინსტიტუცინალიზაციის" არსი და რთული პროცესი.

რა თქმა უნდა, უმრავლესობა ძალიან მგრძნობიარენი ვართ, როცა ლაპარაკი ბავშვებს ეხება. ამიტომ თავს შევიკავებ და აქ არ მოვყვები იმ პირობებზე, რომელშიც მზრუნველობამოკლებულ პატარებს უხდებოდათ და ჯერ კიდევ უხდებათ ცხოვრება. თითქოს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ მათთვის ყველაზე  ბუნებრივი და მისაღები  გარემო ოჯახია და თუ ის ბიოლოგიურ ოჯახს კარგავს, ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ამ გზაზე დადგომას ბევრი თავდადებული ადამიანისა და ორგანიზაციის ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდა და სჭირდება დღესაც. ამ დროის განმავლობაში და მძიმე პროცესში მახინაჯაურის ბავშვთა სახლი დაიხურა, ხოლო თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრებთა რაოდენობა 165 დან 70 მდე შემცირდა.

ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოების ჯანმრთელობის პროგრამის, ნიუ იორკის ქსელური პროგრამისა და პარტნიორი ორგანიზციების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, რაც მიზნად ისახავდა ჩვილ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და შესაბამისი სერვისების განვითარების ხელშეწყობას. ჩვენს ამოცანებს ასევე წარმოადგენდა ბავშვთა სახლებში პატარების შედინების პროცესის შემცირება და ბენეფიციარებისათვის ოჯახურ გარემოში სერვისების მიწოდება.

პროცესი გულისხმობდა მომსახურებათა მრავალმხრივ დახვეწას: საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას, მინდობით აღზრდის სერვისის გაუმჯობესებას, პრევენციული დღის ცენტრების გადამზადებას, სპეციალიზებული ზრუნვისა და სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების შეფასებასა და სახელმწიფოსათვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემას.

საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზმა აჩვენა, რომ გარკვეული ხარვეზები აფერხებდა მინდობით აღზრდის სერვისში ბავშვების განთავსებას და შესაბამისად  გაიცა რეკომენდაციები ალტერნატიულ სერვისებში ბავშვის განთავსების გამარტივების შესახებ.  ძირითადი აქცენტი გაკეთდა ე.წ. დროებით მიტოვების შემთხვევებზე, როგორც დეინსტიტუციონალიზაიის შემაფერხებელ გარემოებაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების დეპარტამენტისათვის მომზადებული რეკომენდაციები შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოიცავდა ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: პრევენცია და დეინსტიტუციონალიზაცია; მიტოვების რისკის მქონე ოჯახებისათვის სერვისის გაძლიერება; დედათა და ჩვილთა თავშესაფარის სერვისის მოცულობის რაოდენობის გაზრდა  კრიზისული ინტერვენციის სერვისის კუთხით - პრევენციული ფონდის, სახელმწიფო პრევენციული სერვისები, დროებითი ჩამნაცვლებელი მოვლის სერვისის განვითარება; გადაუდებელი მინდობით აღზრდის გახანგრძლივება და დაფინანსება და წინასწარ აღჭურვა ჩვილების მისაღებად და სხვ.

ცვლილებების ადეკვატურად დანერგვის მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ადამიანურ რესურსებზე ზრუნვას. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ბავშვზე ზრუნვის სამართლებრივ საკითხებში ადგილობრივი და უცხოელი კოლეგების მიერ მოსამართლეებისა და სოციალური დაცვის სააგენტოს თანამშრომლების მომზადებასა და ეფექტური თანამშრომლობის გზების დასახვაზე.

პარტნიორი ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვების" მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული ჩვილ ბავშვთა სახლში ბავშვების შედინების მიზეზები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, არსებული ალტერნატიული სერვისების ფორმები და მათი დაფინანსება.

შედეგად შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მინდობით აღზრდის, შვილად აყვანის კანონებისა და შშმ ბავშვების მინდობით აღზრდის დაფინანსების წესის ცვლილებებზე. აგრეთვე განისაზღვრა ჩვილ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონელიზაციისათვის საჭირო დამატებითი ალტერნატიული სერვისების ფორმები და მოცულობა. აღნიშნული რეკომენდაციების განხილვის შედეგად საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ინიცირება გაუკეთა ზოგიერთ საკანონმდებლო ცვლილებებს და მიიღო გადაწყვეტილება ალტერნატიული ოჯახური ტიპის სერვისების დაფინანსების გაუმჯობესების შესახებ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს", პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდა და „საქართველოს ბავშვების" ერთობლივი ადვოკატირების საფუძველზე სახელმწიფომ აღიარა ჩვილ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პრიორიტეტულობა, რის შედეგადაც ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში აისახა კონკრეტული ნაბიჯები ჩვილ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის განხრით.

უამრავი სიძნელისა და მტკივნეული საკითხების მიუხედავად, რაც ამ პროცესს ახლავს თან,  ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ფონდს, ქსეულურ პროგრამასთან ერთად, რეალური წვლილი შეაქვს დეინსტიტუციონალზიაციის პროცესში; ბევრ ღირსეულ ადამიანსა თუ ორგნიზაციას უდგას მხარში და ხშირად მრავალი წამოწყების ინიციატორი და უშუალო განმახორციელებლიცაა.

თუმცა, ასევე  იმედიც მაქვს, რომ ეს პროცესი დასასრული  იქნება და სიტყვა „დეინსტიტუციონალიზაციის" მართებულად წარმოთქმაზე ენას აღარ გავიტეხ, რადგან ძალიან მალე ის საერთოდ აღარ დამჭირდება მეტყველებაში.  პირველ რიგში კი,  ბავშვებთან მიმართებით.  მალე ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვს ექნება საშუალება იცხოვროს ბიოლოგიურ თუ შეძენილ ოჯახებში. 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31