ერთი ჩვეულებრივი დღე!-კონკურსის 'გაათანასწორე' გამარჯვებული ნამუშევარი
 

ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის 'გაათანასწორე' გამარჯვებული ნამუშევარი. ნომინაცია: საუკეთესო სტატია/ბლოგი/ვლოგი

ლაშა გურჩიანი, 15 წლის

08.12.2015

 

ერთი ჩვეულებრივი დღე!
 

დილით მაღვიძებს საშინელი მაღვიძარას ხმა, რომელიც ტკბილი სიზმრებიდან მომავალს ღამის კოშმარივით ჩამწუის ყურში. ვდგები, საჭმელს ვჭამ და გავდივარ სახლიდან. კარის მიხურვას ვერ ვასწრებ, დედაჩემი: ნიკა, ნაგავი გაიყოლე. ჩამოვდივარ, ვჯდები მიკრო ავტობუსში და მივდივარ სკოლისაკენ. გზაზე, დაახლოებით 13 წლის ბიჭი ხელს უქნევს მიკრო ავტობუსის მძღოლს, მაგარამ ის არ უჩერებს. ეტყობა დარწმუნებულია, რომ ფულს არ გადაუხდის, ბავშვი!.. მეც ბევრჯერ დავრჩენილვარ გზაზე გაწბილებული...

ჩამოვდივარ ვარკეთილის მეტროსთან, "ლიბერთი ბანკთან" ისევ რიგია. ამას წინათ ერთი მოხუცი დაეცა საკუთარი რიგის მოლოდინში. თუ ქარია (ასეთი ამინდი კი ვარკეთილში თითქმის ყოველდღეა) წარმოსახვას ვერ ვერევი, მეჩვენება, რომ რიგში მდგომი მოხუცები შემოდგომის ფოთლებივით ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას ქარს. სირბილით ჩავრბივარ კიბეზე, არ მინდა წარმოსახვა რეალობად მექცეს!

პირველი მათემატიკაა, მასწავლებელი დავალებებს ამოწმებს. მაფხიზლებს  მასწავებლის ყვირილი, ჩემს თანაკლასელს უყვირის: "შე ლაწირაკო, როგორ ბედავ და უდავალებოდ მოდიხარ?!"...

დამთავრდა პირველი გაკვეთილი, "ლაწირაკები" გამოვდივართ დერეფანში. მეშვიდე კლასელი გოგო ეუბნება მეორეს: აუ, გოგოოოო, დღეს ვნახე ერთი გეი ტუჩზე პირსინგი ეკეთა და ორივე ყურზე ოთხი საყურე.. ეგეთები სულ უნდა გაწყვიტო, ავადმყოფები, დღეს "კარგი" ამბავი მოელით. გამახსენდა რომ 17 მაისია... 

ფიზიკის მასწავლებელი გვიხსნის "წერტილოვანი მუხტის ველის დაძაბულობას." ხან ქართულად, ხან რუსულად ცდილობს გაგვაგებინოს "q   და q0 მუხტებს შორის ურთიერთქმედება კულონური ძალაა". მიუხედავად ენობრივი დანახარჯებისა, ჩვენ მაინც ვერ ვიგებთ თუ რისი გადმოცემა უნდა მას.  ჩვენს გამომეტყველებაზე, მისი საბოლოო რეაქცია იყო: "ბლიაძ!!!" საყოველთაო ხარხარის ფონზე, მასწავლებელმა მრისხანე ხმითა და მზერით კუჭუხიძეს დასჭექა: "დროზე კუთხეში დადექი, შე გაუზრდელო... "

დადგა ისტორიის გაკვეთილი, საერთოდ მომწონს ისტორიის გაკვეთილი მაგარამ ზოგჯერ უაზრო სახეს იღებს ხოლმე, ამჯერადაც ასე მოხდა. გაკვეთილის თემა იყო მითოლოგია. საინტერესოდ დავიწყეთ საუბარი, მაგარამ ბოლოს იმით დამთავრდა თუ რატომ უნდა იყოს ყველა ქრისტიანი და ყველა სხვა რელიგია მიუღებელი. არადა, ეთო, მგონი მუსლიმია...

დიდი დასვენების დროა (10 წუთი :) ), სკოლის ნახევარს გარეთ გასვლა გვინდა. მივდივართ გასასვლელ კართან, სკოლის დარაჯი, ლევანა, მარტო გოგოებს უშვებს, როგორც ყოველთვის! დიიდიი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ზარი ირეკება. გვპირდება, მომდევნოზე გაგიშვებთო. რა თქმა უნდა, ყოველ მომდევნო დასვენებაზე იგივე ხდება. მოკლედ, ამ საკითხში ვიჩაგრებით ბიჭები.

შემდეგ გაკვეთილზე მასწავლებელი აგვიანებს. ერთი კლასელი გვყავს აკაკი, აუტისტია, ისიც არაა კლასში. სულ ერთი რვეული დააქვს და თავისთვის რაღაცეებს ხატავს ხოლმე.  კლასელებმა რვეულის თვალიერება დაიწყეს, აკაკიმ შემოუსწრო.  ეს რომ დაინახა საშინლად გაბრაზდა, გვეგონა პასტებს სროლას დაიწყებდა...  დაჯდა, თავი დახარა და გაკვეთილის ბოლომდე არ აუწევია.

კიდევ ორ გაკვეთილს უნდა გავუძლო. ვისმენ: შე გაუზრდელო, დაუნო, ყეყეჩო, უსაქმურო, ლაწირაკო, დეგენერატო...

გაკვეთილები მთავრდება და 75-ს ველოდები. ლოდინის მერე ვიგებ, რომ გზები გადაკეტილია.  ჩავდივარ მეტროში, ვდგავარ ესკალატორზე და მესმის: ნახე, იმ პიდარასტს რა უქნა გიგამ, სკამი რომ გადაარტყა?.. ვხედავ შავკანიანს და რა თქმა უნდა თანმდევი გინებაც. ვჯდები მატარებელში და მოვდივარ სახლში. ვმეცადინეობ.  შემდეგ დედაჩემს ველაპარაკები და როგორც ყოველთვის, არ მისმენს. 

ვათვალიერებ ფეისბუქის პოსტებს და არანავითარი განსხვავება, დღევანდელი დღის დეჟავიუა.

მეძახიან: ნიკა, მოდი! იწყება  ჩემი წამება. თუ პური გათავდა, ოჯახის წევრები დილემის წინაშე დგებიან, ან მე უნდა წავიდე ან ისევ მე! და როგორც ყოველთვის, ჯოხი ჩემზე ტყდება, ხოლმე. მოვითხოვ ოჯახში ჩემზე უმცროს წევრს!!!! :) :) :) არა, თანასწორობას!

ბალიშზე ვდებ თავს და სადღაც 6 საათში მესმის ჩემი საშინელი მაღვიძარას ხმა.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31