'ნათელი აზრები დედაქალაქიდან მოშორებით'
 

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს"  ევროინტეგრაციის მიმართულების ორგანიზებით 27 მაისიდან 2 ივნისამდე საქართველოს 6 რეგიონში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. 

აღნიშნული შეხვედრები ჩატარდა პროექტის - "ევროინტეგრაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდა საქართველოში" - ფარგლებში, რომელსაც ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" რუმინულ ორგანიზაციასთან "რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი" ერთად 2015 წლის ბოლოდან ახორციელებს რუმინეთის მთავრობის დაფინანსებით.

გთავაზობთ შეხვედრების სპიკერის ზურა მოდებაძის ბლოგს, რომელიც სრულად აღწერს შეხვედრებზე მიღებულ გამოცდილებას. ბლოგში ასახულია ის საკითხები, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ჩვენს თანამოქალაქეებს რეგიონებში.

 

08 ივნისი 2016 | 12:59 ზურაბ მოდებაძე

წყარო:Europe for Georgia

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ 2016 წლის 1 ივნისს მოხდა და დიდი შანსია, რომ არასოდეს დამავიწყდება.

ამ დროისთვის 5 რეგიონულ ცენტრში (ახალქალაქი, გორი, წყალტუბო, ქედა, ფოთი) შეხვედრები „ფონდ ღია საზოგადოება საქართველო“-ს ორგანიზებით უკვე გავმართეთ და მესტიაში 1300 კილომეტრიანი დამღლელი მოგზაურობის შემდეგ ავედით. ჩვენი მიზანი მოსახლეობისთვის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციასა და DCFT-ზე (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) ინფორმაციის მიწოდება იყო.

ევროკავშირთან ვაჭრობის სარგებელსა და სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე ვმსჯელობდით, რომ დევდარიანი ჩაერთო და მომხსენებლები გაგვაოცა, ამას სხვა სიტყვას ვერც დავარქმევთ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ადგილობრივების დარწმუნება მოგვიწევდა წარმოების თანამედროვე სტანდარტების უპირატესობაში. მოულოდნელად აღმოვაჩინეთ ადამიანი, რომლის პოზიცია იყო მართებული და გარკვეულწილად წინსმწრები არსებული რეალობის. ჩვენი გამოცდილებით მწარმოებლების ნაწილს ან სურვილი არ აქვთ წარმოების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ან ევროპული ტიპის საწარმოების აწყობაზე ოცნების დროს ფინანსებში იჭედებიან. ეს პრობლება დგას და გადაჭრის საკითხიც ღიაა. 
ერთი სიტყვით, მესტიაში შეკრებილმა აუდიტორიამ კარგად გაიგო ჩვენი სათქმელი. შევთანხმდით, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი საერთაშორისო სტანდარტების ან წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გარეშე წარმოუდგენელია. ისიც მშვიდად მოისმინეს, რომ სტანდარტების დანერგვას მეწამის მხრიდან დამატებითი ინვესტირება სჭირდება და დიდი ძალისხმევაც, რომ მიღწეული შედეგი ყოველდღიურად აკონტროლო და შეინარჩუნო.

როცა საუბარი შეეხო ევროპულ დახმარებებს, დეტალურად განვიხილეთ თითოეული მათგანი, რომელსაც საქართველო მეწარმეობის განვითარებისთვის ევროკავშირიდან იღებს. რა თქმა უნდა, ეს დახმარებები საქართველოს გამოწვევების მცირე ნაწილს ფარავს და მისი მიზანი წარმატებული საწარმოო მოდელების შექმნაა. სწორედ ამიტომ ეს პროგრამები მიმართულია მეწარმეების და ასევე ბიზნესზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების შესაძლებლობების განვითარებაზე. 
დახმარების პროგრამებზე საუბრისას ჩვენი აღმოჩენა ზაზა დვდარიანი კიდევ ერთხელ ჩაერთო მსჯელობაში და კვალიფიციურად ახსნა ევროპული დახმარებების პრინციპში ერთადერთი მინუსი. პროფესიით იურისტმა დევდარიანმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ უცხოური დახმარებების მიღება ამ ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგში მის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს. ანუ ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ის ქვეყანა ხდება, რომელიც სხვა ქვეყნებისგან შემწეობას ფინანსური დახმარების სახით იღებს. მსოფლიოს ქვეყნების საინვესტიციო შესაძლებლობები fitch ratings განთავსებულია www.fitchratings.com-ზე და თავისუფლად ხელმისაწვდომია.

ეკონომიკის ასეთ დეტალებზე დისკუსიას ეკონომიკური პროფილის გადაცემებსა და ფორუმებზეც კი თითქმის ვერ შეხვდებით. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სპიკერები საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ნამდვილად ღირს კომფორტ ზონიდან ხშირად გასვლა და ასეთი ადამიანების პოვნა მთელი საქართველოს მასშტაბით.

მესტიაში ყველაზე მეტად მეფუტკრეობის საკითხებსა და ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის პერსპექტივის შესახებ გამოხატეს ინტერესი. ასეც ველოდით, რადგან ამ ეტაპისთვის პოტენციურად საექსპორტო პროდუქტებიდან სვანეთში ყველაზე მეტად თაფლის წარმოების პერსპექტივაა. 
სვანეთიდან ცუდ ამბად რაც გამოგვყვა ის იყო, რომ, მესტიელების თქმით, ასოცირების შეთანხმებასა და DCFTA-ზე სასაუბროდ ყოფილი მინისტრის ბუკა პეტრიაშივილის შემდეგ აღარავინ ასულა. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წელია სვანებს ევროპულ პერსპექტივაზე აღარავინ ესაუბრება.

სვანეთამდე იყო რამდენიმე შეხვედრა, საიდანაც პირველი ახალქალაქში გავმართეთ. 30-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მათ შორის: ფერმერები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები. 
ევროკავშირში გადაადგილების მარშრუტებზე და შესაძლებლობებზე საუბრისას ონლაინ რეჟიმში ვაჩვენეთ, რომ ერთ-ერთ ავიაკომპანიას რეალურად დაბალი ტარიფები აქვს და კიდევ ბევრ ევროპულ მიმართულებას ამატებს.

ახალქალაქში მსმენელების უმრავლესობა ბოლომდე დარჩა. ეტყობოდათ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა გულისყურით ისმენდნენ და ინიშნავდნენ ყველაფერს. ახალქალაქის შეხვედრა ნამდვილად კარგი იყო, ბევრად კარგი ვიდრე გორში.

გორში პირადად მე ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 შეხვედრა მაქვს ჩატარებული DCFTA-ს თემაზე და განსაკუთრებულად კარგ შეხვედრას ვერც ვიხსენებ. სავარაუდოდ ამის რამდენიმე მიზეზია: ერთი - გორი დედაქალაქთან ახლოა და ვისაც არ ეზარება ყველა მანდ მიდის და შესაძლოა, მოსახლეობას აღარ აინტერესებს ამ თემაზე საუბარი. მეორე მიზეზი არის ე.წ. „რბილი ძალის“ ფაქტორი, აქ უფრო მეტად იგრძნობა პრორუსული განწყობები და ევროკავშირი გარკვეულწილად საფრთხედ და კონკურენტად მოიაზრება. ასე თუ ისე, გორში ამჯერად ათკაციანი აუდიტორიაც ვერ შევკრიბეთ. რაოდენობის და ხარისხის ცნობილი პარადიგმა სამწუხაროდ ამ შემთხვევისთვის მაინცდამაინც ზედგამოჭრილი არ არის.

მსმენელები იყვნენ ახალგაზრდები და მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობებზე დაისვა ყველაზე დასამახსოვრებელი შეკითხვა, აინტერესებდათ შეძლებდნენ თუ არა ინტერნეტით პროდუქციის გაყიდვას. შეხვედის შემდეგ ადგილობრივმა ტელევიზიამ ჩვენთან ინტერვიუ ჩაწერა და გორს იმ იმედით დავემშვიდობეთ, რომ DCFTA-ს თემაზე ინფორმაციას უფრო ფართო აუდიტორია ნახავდა.

იმავე დღეს გორიდან პირდაპირ წყალტუბოში ჩავედით, სადაც 40 ადამიანი გველოდებოდა. ყველაზე მეტად კითხვები კენკრის წარმოებასა და ბოსტნეულის შესახებ დასვეს. მათ აინტერესებდათ, რომელ სეზონზე რა პროდუქტებზე იყო ნიშა ევროკავშირის ბაზარზე. ასევე აინტერესებდათ ქართველმა ფერმერმა დამოუკიდებლად როგორ უნდა მოახერხოს ევროპელი შემსყიდველების მოძებნა და პროდუქციის რეალიზება. მაქსიმალურად ვეცადეთ სრულად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა ძირითადი ნაწილი ინერტული იყო. ვფიქრობ, საჯარო მოხელეებით დაკომფლექტებულ მრავალრიცხოვან აუდიტორიას, დაინტერესებულ მცირერიცხოვან ფერემერებთან კომუნიკაცია ბევრად სჯობს.

ხასიათი ქედაში გამოგვიკეთდა, როდესაც ბევრი ფერმერი მოვიდა და მეფუტკრეობის მიმართულებით უამრავი კითხვა დაგვაყარა. ჩვენ საგანგებოდ მომზადებულები ვიყავით და მეფუტკრეებს დავურიგეთ „ტექნიკური რეგლამენტი თაფლის შესახებ“. ეს დოკუმენტი ნანახი არ ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ ის მთავრობამ 2014 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა და ძალაშიც მაგის შემდეგ შევიდა. რეგლამენტი თაფლის მწარმოებლების ერთგვარი სახელმძღვანელოა, ასევე არის რეგულაცია და მისი დაცვა სავალდებულოა, იმისთვის, რომ ფერმერის თუ სხვა მეწარმის მიერ ნაწარმები თაფლი უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

ქედელი მეფუტკრეები წუხდნენ იმის გამო, რომ თანამედროვე სკების შესაძენად თანადაფინანსების პროექტში ჯერ ვერ ჩაერთნენ. მათი თქმით, ზუსტი პასუხი ამ საკითხზე ვერც ფერმერთა საკონსულტაციო ცენტში მიიღეს. ფერმერებმა მეფუტკრეობის მიმართულებით სამი ძირითადი პრობლება გამოყვეს: 1. ღია ტუალეტები, საიდანაც შესაძლოა ფუტკარმა თაფლში შარდი გადაიტანოს; 2. თაფლის ფალსიფიკაცია და 3. შხამ-ქიმიკატების უკონტროლო მოხმარება ფუტკრების ფრენის ზონაში და სკების განთავსების არეალში. ერთ-ერთმა ფერმერმა შეხვედრის მიმდინარეიობის დროს გადმოგვცა მცენარეების შესაწამლი საშუალების „აქტარა“-ს ანოტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ გამოყენებიდან 4 დღე და ასევე 4 კილომეტრის რადიუსში ფუთკრები არ უნდა იყვნენ. ამ ფერმერის განმარტებით, ანოტაციაში მითითებულ წესებს არ იცავენ და ფუტკრები შეწამლული მცენარეების არეალში უპრობლემოდ დაფრინავენ.

ქედადან წამოსვლიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში (facebook) პრეპარატ „აქტარა“-ს ანოტაცია განვათავსეთ და იქვე სურსათის ეროვნულ სააგენტოს, კოოპერატივების სააგენტოს და კიდევ რამდენმე ორგანიზაციას ამ პრობლების შესახებ კითხვებიც დავუსვით. კითხვები ასე ჟღერდა: თუ ფუტკრებისთვის ეს პრეპარატი ასეთი საფრთხის შემცველია, რატომ არის ეს წამალი გაყიდვაში მაშინ, როდესაც თაფლის ევროკავშირში ექსპორტირების პერსპექტივა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა? თუ ამ წამლის გაყიდვას კანონი არ ზღუდავს, ვინც იყენებს იმას რაიმე რეგულაცია უნდა აფრთხილებდეს თუ არა, რომ მეზობელი ფერმერის ფუტკრები არ დააზარალოს? ამ პრობლების გადაჭრის შესახებ სასაუბროდ სოციალ ქსელში თავი არავის შეუწუხებია.

თაფლის რეგლამენტის გარდა, ქედაში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტირების პროცედურებიც გავარჩიეთ. ამას გარდა, თაფლის წარმოებაში აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალიც ჩაინიშნეს. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ აკრძალული პრეპარატებიდან რამდენიმეს იყენებს, სხვა ალტერნატივების არარსებობის გამო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქედაში ჩვენს შეხვედრაზე მოსული თაფლის მწარმოებლები იყვნენ ძალიან მონდომებულები. ამ სფეროს მხარდაჭერის გაძლიერების შემთხვევაში, შესაძლოა ქედელი მეფუტკრეების ნაწილი ექსტრა-პროფესიონალებადაც გადაიქცნენ. ბუნებრივი პირობებიდან და ფერმერების მონდომებიდან გამომდინარე, სულაც არ გამიკვირდება, ქედა თუ ერთ დღესაც მეფუტკრეობის „მექად“ გადაიქცევა.

როცა ყველა შეხვედრა დავამთავრეთ, მომხსენებლებმა ერთმანეთს ვკითხეთ რომელი იყო ყველაზე კარგი აუდიტორია. შეფასების კრიტერიუმებად ჩართულობა და DCFTA-ს შესახებ ინტერესი იგულისხმებოდა. ქედა გამოვარჩიეთ.

აღმასვლას იმედგაცრუებაც მოყვა. ფოთში ჩვენს მოსასმენედ საჯარო მოხელეები საგანგებოდ მოიყვანეს, თუმცა აქა-იქ მოხალისეებიც გამოერივნენ. ნესტიანი ოთახის აუტანლობას აუდიტორიის ინერტულობაც დაემატა. ყურადღება ზღვაში მოპოვებულ ქაფშიას (ხამსა) ევროკავშირში გატანის პერსპექტივაზე გავამახვილეთ. ამაზე აენთნენ, თავიდან ჩანდა, რომ ეს ინფორმაცია ძალაინ გაეხარდათ. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თევზის გადამამუშავებელი საწარმოების არსებობით მაინცდამაინც მოხარულები არ არიან. მათი თქმით, ეს საწარმოები სპეციალურ ფილტრებს არ იყენებენ და თევზის გადამუშავების დროს მთელი ქალაქი საშინლად ყარს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თევზის მწარმოებლები თევზჭერას არაკეთილსინდისიერად ახდენენ. კერძოდ კი ისეთ ბადეებს და თევსაჭერ საშუალებებს იყენებენ, რომ ლიფსიტებსაც ანადგურებენ. 

წარმოშობით სოხუმელი ბარისტას მიერ მოხარშული კარგი ნალექიანი ყავა იმ დღეს ფოთის მთავარი პოზიტივი იყო, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის.

ბოლო გაჩერება მესტია გახლდათ, რაც უკვე დასაწყისშივე აღვნიშნეთ და ისიც ვთქვით, რომ არასოდეს დაგვავიწყდება. 1800 კილომეტრი ერთი ამოსუნთქვით ზაზა დევდარიანის და ქედელი მეფუტკრეების აღმოსაჩენად ნამდვილად ღირდა. ნათელი აზრები დედაქალაქიდან მოშორებით,საბედნიეროდ, იშვიათი სულაც არ არის.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31