ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს'' სტრატეგია 2014 - 2016 წ.
 

ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველო'' ღია საზოგადოების ღირებულებების საზოგადოებაში პოპულარიზაციისა და  რამდენიმე ძირითად სექტორში მიმდინარე რეფორმების სწრაფი და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით   გააგრძელებს მუშაობას იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.

2014 წელს ფონდი განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას  შემდეგ სფეროებში: უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა ყველასთვის თანაბარი და ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედიის გაძლიერება ბიზნესის უნარ-ჩვევების, ჟურნალისტური ეთიკისა და მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით; ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და მასში საზოგადოების აქტიური ჩართვა.  გარდა ამისა, ფონდი თავად წარმართავს სამ პროგრამას: კერძოდ, ადამიანის უფლებების სფეროში, ფონდი იმუშავებს სამართლიანობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნაზე, პოლიტიკის ლიბერალიზაციის, შეჯიბრებითობის პრინციპის დანერგვისა და წამების პრევენციის გზით; დეცენტრალიზაციის პროცესში, ფონდი ყურადღებას დაუთმობს მუნიციპალური ერთეულების თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას, მათი უფლებამოსილებათა სფეროს განსაზღვრას, ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას; ფონდი აგრეთვე იმუშავებს ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე, ისეთი სისტემის შექმნაზე, სადაც მარგინალური ჯგუფები არ განიცდიან დისკრიმინაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების წვდომაზე, გაუმჯობესებულია შეზღუდული შესაძლებლობების  პირთა უფლებები და სათემო  სერვისებზე  ხელმისაწვდომობა.

უმაღლესი განათლება:

უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესება ერთერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ღია, დემოკრატიული და ინკლუზიური უმაღლესი განათლების სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოს ახალგაზრდებში მრავალფეროვნების პატივისცემისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. 2014-2016 წლებში ფონდი ხელს შეუწყობს საქართველოს  უმაღლესი განათლების სფეროში ძირითადი პრობლემების დაძლევას, უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელებას და მასში საზოგადოების მონაწილეობას. შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ფონდი დაეხმარება   სტუდენტურ ჯგუფებს განათლების სისტემაში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად.

  • უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება
  • მოწყვლადი ჯგუფებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
  • უმაღლესი განათლების ინსტიტუტებში დემოკრატიული მმართველობის სისტემის განვითარება
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა უმაღლესი განათლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში.

მედია:

მედიასექტორი საქართველოში დღემდე არ არის სათანადოდ განვითარებული, იგი მრავალი ძირეული პრობლემის წინაშე დგას. საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედია ჯერ კიდევ სუსტია. ის მედიაორგანიზაციები, რომლებიც ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, მუშაობს ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპით და ქმნის ანალიტიკურ თუ საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, მთლიანად დონორების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მედიასაშუალებებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო უნარები, ხშირ შემთხვევაში მარკეტინგის სამსახურიც კი არ გააჩნიათ, რის გამოც ისინი დაუცველი არიან პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების წნეხისგან.  საერთო პრობლემას წარმოადგენს ეთიკური სტანდარტების დარღვევა. ასევე გაურკვეველია როგორ წარიმართება  ციფრულ მაუწყებლობაზე სავალდებულო გადასვლის პროცესი.

  • ონლაინ მედიარესურსებისა და დამოუკიდებელი სატელევიზიო სტუდიების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედიაკონტენტის შექმნა
  •  მედიის, როგორც ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება
  •  ჟურნალისტური სტანდარტისა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება
  •  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შეუფერხებელი და არადისკრიმინაციული პროცესის უზრუნველყოფა.

ევროინტეგრაცია:

ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტრუმენტების გამოყენებით, ფონდი თავის პარტნიორებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესს და გაზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხს. ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ადვოკატირებას გაუწევს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას,  უმცირესობათა უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვას. ფონდი დაეხმარება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესწავლაში, რომ წარმოადგინონ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევა და ხელი შეუწყონ პოლიტიკის ცვლილებას.

  • უმცირესობათა უფლებების დაცვის გაუმჯობესება
  • მიგრაცია
  • მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა.

ადგილობრივი დემოკრატია: 

დეცენტრალიზაცია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების, სამოქალაქო მონაწილეობისა და  ხელისუფლების ანგარიშვალდებულების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული არაერთი ცვლილების მიუხედავად,  იგი კვლავ საჭიროებს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ერთეულების დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობასა და გამჭვირვალე ადგილობრივ ხელისუფლებას.

  • ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, თვითმმართველობის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა
  • გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის შექმნა, ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა
  • თვითმმართველობის რეფორმის პროცესის მონიტორინგი და ამ პროცესში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა:

ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება მარგინალური ჯგუფების  ჯანმრთელობისა  და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, რისთვისაც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი რესურსების გაძლიერება, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მარგინალური ჯგუფების აქტიური მონაწილეობა, ჯანდაცვის საკითხებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა. 2014 წელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა იმუშავებს მარგინალური ჯგუფების ჯანდაცვის მექანიზმის ამოქმედების, ჯანდაცვის სისტემაში მათი დისკრიმინაციის დაძლევის და სათემო მომსახურების მოდელების გაძლიერების,  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარგინალური ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველყოფის კუთხით.

  • კანონი, მედია და ჯანმრთელობა
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა
  • ზიანის შემცირება და ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა
  • პალიატიური მზრუნველობა
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ადრეული განვითარება

 

 


სხვა ახალი ამბები და ანონსები