რისკები და ხარვეზები ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა გვთავაზობს
 

6 თებერვალს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს.  სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. სააგენტოს ასევე ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები. შესაბამისად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის ნაცვლად, კანონპროექტით იქმნება სუს-ის ერთეული კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკით.   

წარმოგიდგენთ კანონპროექტის ძირითად რისკებს და ხარვეზებს:

  • კანონპროექტით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: „რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის) შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს". კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული-საჯარო სამართლის იურიდიული პირი კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და ამავე დროს ინარჩუნებს საგამოძიებო/ოპერატიული სამსახურის ბუნებას. ფარული მოსმენების ტექნიკური განხორციელების გარდა,სააგენტო პასუხისმგებელია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვაზე. აგრეთვე ახორციელებს ფარულ აუდიო/ვიდეო ჩაწერას, აწარმოებს პირის გამოკითხვას, ცნობების შეგროვებას და ვიზუალურ კონტროლს, საგნებისა და დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურას და აშ.
     
  • სააგენტო არაა საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიებით აღჭურვილი სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურებს შეარჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და წარუდგენს კომისიას, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს. ახალ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუკი სააგენტოს უფროსი არაჯეროვნად ასრულებს უფლებამოსილებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი გათავისუფლების შესახებ წინადადებით მიმართავს პრემიერმინისტრს. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს ნიშნავს სუს-ის უფროსი და განუსაზღვრავს უფლებამოსილებებს.
     
  • ფარული მოსმენების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა იზრდება - სააგენტოს ასევე შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოები. შესაბამისად, ნაცვლად არსებული რეალობისა, როდესაც სუს-ის მხოლოდ ერთი დეპარტამენტი ახორციელებს მოსმენებს,შესაძლოა შეიქმნას რამდენიმე სტრუქტურული ერთეული.
     
  • სააგენტოს კონტროლის მექანიზმები ფორმალურია სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის გარდა, სააგენტოს კონტროლის ყველა სხვა მექანიზმი ფორმალური ან სუსტია: მცირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის ბერკეტები და იგი აღარ მონაწილეობს ტექნიკურად ფარული მოსმენების დაწყების პროცესში; პრემიერ-მინისტრის კონტროლი მხოლოდ მისთვის ანგარიშის წარდგენით შემოიფარგლება, თუმცა მანამდე ეს ანგარიში სუს-ის უფროსს წარედგინება; საპარლამენტო კონტროლი კი მხოლოდ ნდობის ჯგუფისათვის სტატისტიკური და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენით ამოიწურება.
     
  • სააგენტოს ჩარევა კერძო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში მყოფი სააგენტო არა მარტო ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, არამედ უხეშად ერევა კერძო კომპანიების საქმიანობაშისააგენტოს უფლება ეძლევა, ჩაატაროს ინფრასტრუქტურული აუდიტი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიაში, დააჯარომოს იგი (მაქსიმუმ 200 000) და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვოს მისთვის ავტორიზაციის შეჩერება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს არაგონივრულად მოკლე ვადებში მოუწია მუშაობა, ხოლო პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გასაცნობად ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 4 საათი მიეცათ, რის შემდეგაც ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ იქნა გაზიარებული კამპანია „ეს შენ გეხებას" წარდგენილი არც ერთი პრინციპული პოზიცია როგორც სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობაზე, ისე მის მიმართ შესაქმნელ კონტროლის მექანიზმებზე. ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად სახიფათოა მსგავსი მასშტაბისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში.   

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 8
9 12 13 14 15
16 17 20
23 24 27 28 29
30