სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან
 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მედიასაშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ორი შემთხვევის შესახებ, სადაც დაკავებული პირები, ან მათი წარმომადგენლები, პირდაპირ მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე.

2017 წლის 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხოფერია პოლიციელებს მისთვის მიყენებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა იგი ქუჩიდან ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, არ მისცეს ოჯახთან დაკავშირების საშუალება და ცემისა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით ცდილობდნენ მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას.

2017 წლის 30 მარტს, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. კერძოდ, შოთა პაკელიანის ადვოკატებისა და ოჯახის წევრების განცხადებით, იგი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ამასთანავე, „თეთრი ხმაურის  მოძრაობა" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ დაკავებულის ოჯახის წევრები ამაოდ ცდილობენ პოლიციის თანამშრომლებისგან დაკავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას და ამავდროულად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. გავრცელებულ ვიდეოში აგრეთვე ისმის, როგორ ითხოვენ შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები იმის გარკვევას, თუ რა მიზეზით ყვირის დაკავებული და ადგილი ხომ არ აქვს მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები მათ ატოვებინებენ განყოფილების შენობას. აღნიშნულ შემთხვევებს წინ უძღვოდა აგრეთვე ნარკოტიკების ჩადების შესახებ გაჟღერებული არაერთი ბრალდება სამართალდამცავთა მიმართ, ბოლო პერიოდში კი იგივე შინაარსის ბრალდებები ჟღერდება საქმეებში, სადაც შესაძლებელია იკვეთებოდეს გარკვეული პოლიტიკური მოტივებიც.

ბოლო პერიოდში სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს სახალხო დამცველის სპეციალური  ანგარიშიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „უმეტეს შემთვევაში, განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია."

სამართალდამცავ უწყებებში ძალის გადამეტების პრობლემა არ არის ახალი. წლების განმავლობაში ეს საკითხი წარმოადგენდა გამოწვევას, რაზეც ამ დრომდე არ განხორციელებულა სისტემური რეაგირება. სამართალდამცავ უწყებებს არ აქვთ ძალის გადამეტების პრევენციის სტრატეგია და ხედვა, ამ პირობებში კი კიდევ უფრო რთულია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის დროული გამოვლენა და ეფექტური გამოძიების წარმოება. სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არაეფექტურმა პოლიტიკამ ვერ მოაგვარა სამართალდამცავ სისტემაში არსებული ძალის გადამეტების სისტემური პრობლემები და ვერ გააქრო ამ კუთხით არსებული დაუსჯელობის სინდრომი. პოლიციის მიმართ მსგავსი ბრალდებების სიმრავლე და გამოძიების არაეფექტურობა კი ბუნებრივად განაპირობებს საზოგადოებაში სამართალდამცავი სისტემისადმი უნდობლობასა და უპატივცემულობას.

მსგავსი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით, 2015 წელს,  სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადდა კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელ სტრუქტურას ექნება უფლებამოსილება, გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ. მექანიზმი ერთი მხრივ, მოხსნის გამოძიების მიკერძოებულად წარმართვის ეჭვებს, მეორე მხრივ კი შეამცირებს დანაშაულების მომავალში ჩადენისა და დაუსჯელობის  რისკებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:


საქართველოს პროკურატურას:

- დროულად შეისწავლოს იდენტიფიცირებული ფაქტები და აწარმოოს სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო წამებასა და არაადამიანურ მოპრყობასთან დაკავშირებით;

- მსგავსი საქმეების მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს გამოძიების შედეგები და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია საქმეზე არსებული პროგრესის შესახებ.

საქართველოს პარლამენტს:

- მოხდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება;

შინაგან საქმეთა სამინისტრო:

- შემუშავდეს სამართალდამცავ უწყებებში ძალის გადამეტების პრევენციის სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც წარმოჩენილი იქნება პრობლემასთან გამკლავების ის ზოგადი პოლიტიკა და კონკრეტული ნაბიჯები, რაც უწყებას გააჩნია. 

ხელმოწერი ორგანიზაციები:

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინისტიტუტი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31