არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს უარი თქვან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე
 

წყარო: droa.ge

"თვითმმართველობის რეფორმა იყო ის მთავარი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებში. სწორედ რეფორმის მხარდასაჭერად, შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მოსახლეობის ჩართულობის ეფექტურობის გასაზრდელად ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების მიერ წარიმართა არაერთი პროექტი და დაიხარჯა მნიშვნელოვანი რესურსი.

შედეგად, ქართული საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საქართველოში ახლებური ტიპის, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი თვითმმართველობის სისტემის დამკვიდრების პროცესის დაწყება. თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება და მოსახლეობასთან დაახლოება მხოლოდ რეფორმის შემდგომი გაგრძელებით, მისი ინტენსივობის გაზრდითა და გაღრმავებით არის შესაძლებელი. შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ინიციატივა და მისი შედეგები შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილება, შეაჩერონ ან უარი თქვან დაწყებული რეფორმის გაგრძელებაზე, თვითმმართველობის მოსახლეობასთან დაახლოებაზე და მოსახლეობასთან ეფექტური დიალოგის გარეშე ახალშექმნილი 7 მუნიციპალური ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებაზე - მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და უპირობოდ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, რომელიც გააუარესებს დემოკრატიის ხარისხსაც.

ამასთანავე, ამ დღეებში პარლამენტმა უნდა განიხილოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც არ იზიარებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს 7 მუნიციპალური ქალაქისათვის თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებაზე, გააგრძელოს რეფორმა და საზოგადოებას წარმოუდგინოს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგია", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 51 ორგანიზაცია აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ გუშინ 55-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და უარი თქვან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31