კვლევების პრეზენტაცია: პირის დაკავების სტანდარტების მიმოხილვა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ანალიზი
 

 

 

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" და თავისუფალ უნივერსიტეტის ორგანიზებით დღეს ორი კვლევა გამოქვეყნდა. ერთი ქართულ კანონმდებლობაში პირის დაკავების სტანდარტებს მიმოიხილავს, ხოლო მეორე მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულებს აანალიზებს, როგორიც არის ცრუ დასმენა, ცრუ ჩვენება და სხვა.

პირის დაკავების სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა

კვლევამ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელიც ეხება პირის დაკავების პროცედურებს; დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტებას; საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას; სასამართლოს და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დასაბუთებას; პირის სამედიცინო შემოწმებას; აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სხვა პრობლემურ საკითხებს.

კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:

  • დაკავებული პირის დროებით იზოლატორში მოთავსება - კანონმდებლობაში არ არის მითითებული, რომ დაკავებული პირის გადაყვანა უნდა მოხდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება და არ დაექვემდებარება ზეწოლას ან არასათანადო მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან. შესაბამისად, სამართალდამცავებს შეუძლიათ, დაკავებული პირი ამყოფონ პოლიციის დაწესებულებაში საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში და იქ ის დაექვემდებაროს ზეწოლას და არასათანადო მოპყრობას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ დაკავებული პირი, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
  • დაკავებულისთვის ოქმის ასლის გადაცემის საკითხი - პრაქტიკაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც დაკავებულს განემარტა და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, თუმცა აღნიშნული, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველია. შესაბამისად, თუ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას, დაკავებულს არ აღმოაჩნდა დაკავების ოქმის ასლი, იზოლატორმა არ უნდა მიიღოს აღნიშული პირი. აღნიშნული ჩანაწერი უზრუნველყოფს, რომ სამართალდამცავები კეთილსინდისიერად მოეკიდონ დაკავების ოქმის ასლის პირისთვის გადაცემას, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ამ უკანასკნელს, გაეცნოს თავის უფლებებს.
  • დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმება - ხშირად, დაკავებულმა პირებმა არ იციან აღნიშნული უფლების შესახებ. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღნიშნულ მუხლს დაემატოს დებულება, რომლის თანახმად, დაკავებული პირის მიერ სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმა უნდა დამოწმდეს ცალკე ოქმით. აღნიშნული პროცედურა ხელს შეუწყობს ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას.
  • დაკავებული პირისათვის დაცვის უფლების განმარტება - დაკავებულ პირს არ განემარტება ადვოკატის ყოლის უფლება, მათ შორის, სახელმწიფო ხარჯზე იყოლიოს ადვოკატი, თუ განეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილება და დამკავებელ პირს დაევალოს დაკავებულისთვის ადვოკატის ყოლისა და სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის უფლებით სარგებლობის თაობაზე განმარტების შესახებ ცალკე ოქმის შედგენა.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - საქმეების შესწავლისას გამოვლინდა ტენდენცია, როდესაც ერთი და იმავე მოსამართლის მიერ იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მიღებულია განსხვავებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, გვხვდება საქმეები, რომელთა დაკავშირებითაც, ტექსტობრივად იდენტური და დაუსაბუთებული შუამდგომლობები პირის დაკავების მოთხოვნით, შეტანილი აქვს ერთი და იმავე პროკურორს, რომლებიც ასევე განხილულია და დაკმაყოფილებული აქვს ერთი და იმავე მოსამართლეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, პროკურორის მიერ პირის დაკავების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობის დასაბუთება ისევე როგორც, პირის დაკავების თუ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს განჭვრეტადი და დასაბუთებული.

კვლევების შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციები პარლამენტს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში,  პროკურატურას, დაცვის მხარეს და სასამართლოს კი  ერთგვაროვანი და გამართული პრაქტიკის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

პრობლემური საკითხები გამოიკვეთა მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზისას. კერძოდ, ხარვეზებით ხასიათდება მოქმედი კანონმდებლობა და არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კომპეტენცია და კვალიფიკაცია, არასაკმარისად დასაბუთებულია პროკურატურისა და სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა თანახმადაც, აუცილებელია, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ისევე როგორც, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის, დაცვის მხარის და სასამართლოების მიერ ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა მოცემულ დანაშაულებთან მიმართებით.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც აღწერს ბრალდებული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის გამო. კვლევის ავტორთა რეკომენდაციით, დაუშვებელია აღნიშნული ქმედებისთვს ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა და, საჭიროა, შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შემოღება ამ საკითხთან მიმართებით. 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31