კვლევის პრეზენტაცია: დანაშაულის პროვოკაციის აკრძალვა
 

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, 31 ივლისს გამოქვეყნდა კვლევა დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივ საფუძვლებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესახებ. დანაშაულის პროვოკაცია გულისხმობს სხვის დაყოლიებას, ჩაიდინოს დანაშაული და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. კვლევის ავტორებმა გაანალიზეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

კვლევის პროცესში, შეისწავლეს 2014 წლიდან დღემდე წარმოებული სისხლის სამართლის 12 საქმე, სადაც შესაძლოა მომხდარიყო დანაშაულის პროვოცირება.  აღნიშნული საქმეები შეეხებოდა კომერციულ მოსყიდვას, ნარკოტიკულ დანაშაულებს, ქრთამის მიცემას და აღებას.

კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებობს მთელი რიგი ხარვეზები დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის კუთხით, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დაუშვებელია, დანაშაულის პროვოცირებით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება სასამართლოში. თუმცა, ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში იგივე მიდგომა არაა გაზიარებული.

შესაბამისად, კვლევის ავტორებმა მოამზადეს ცალკეული რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები. მოცემული რეკომენდაციები, დაეხმარება პარლამენტს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში, ისევე როგორც, პროკურატურას, დაცვის მხარეს და სასამართლოს, ჩამოაყალიბონ ერთგვაროვანი, გამართული და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პრაქტიკა.

კვლევა განხორციელდა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"-ს მხარდაჭერით.

გაეცანით კვლევას: "დანაშაულის პროვოკაციის აკრძალვა"

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31