'კოალიცია თანასწორობისთვის' სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
 

"კოალიცია თანასწორობისთვის'' მოითხოვს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადო რეაგირებას და ქალებს სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

19 მარტი, 2018

"კოალიცია თანაწორობისთვის'' ეხმიანება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტრის, ზვიად დევდარიანის, მიერ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ძალადობის სხვა ფორმებს, რომლებიც გამოვლინდა სოციალური ქსელის, მედიისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების დაზარალებულებთან შეხვედრის მეშვეობით. კოალიციას სურს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს და მოუწოდოს მათ სამართლებრივი საშაულებების გამოყენებისკენ. კოალიციას მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავება და მათზე სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანია ქალთა დისკრიმინაციის ამ ერთ-ერთ ყველაზე  გავრცელებულ და დაფარულ ფორმასთან საბრძოლველად.

სექსუალური შევიწროება არის „სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.'' კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს შევიწროების არა ერთეულ, განცალკევებულ ფაქტებს, არამედ სხვადასხვა ქალის მიმართ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელებულ სავარუდო შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქმედებები როგორც წესი ხორციელდებოდა სოციალური ქსელით ან/და პირად რეალურ სივრცეებში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოყენებით (მათ შორის, თანამშრომლის მიმართ). ზოგიერთ შემთვევაში მსხვერპლები უთითებენ არასასურველი ინტიმური და ფიზიკური შეხების ფაქტებს. მთლიანობაში მსგავსმა მოპყრობამ მსხვერპლს ქალებს სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა და ზოგიერთ მათგანში ტანჯვისა და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა.

სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს, შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმასა და ხშირ შემთხვევაში ხდება თავად მსხვერპლების დადანაშაულება, ამგავრი ქმედებები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები ამჯობინებენ არ ისაუბრონ შევიწროების ფაქტებზე.

სექსუალური შევიწროების ფაქტების შეფასება უმეტესწილად  ხდება მამაკაცის აღქმისა და სტანდარტების ტესტის გათვალისწინებით. შედეგად იგი ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობის მისაღებ ფორმად, რაც ახდენს ქალის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური ზიანის გაუფასურებას. აღნიშნული მიდგომის გამყარება სახელმწიფოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით მიერ წარმოადგენს  ქალის დისკრიმინაციის ფორმას.

ამასთანავე ვეხმაურებით ისტორიების გასაჯაროების შედეგად სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს. აღვნიშნავთ, რომ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრს კომიტეტის თანახმად, გენდერული ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას.არსებითია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სენსიტიურ შემთხვევებზე საუბრის დროს ყველა  ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადეს უფლებების დაცვის კონტექსტში.

კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას.

კოალიცაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა.

 


იხ. http://www.tabula.ge/ge/story/130848-seqsis-txovna-dasaqmebistvis-shevitsroeba-samsaxurshi-ras-kvebian-qalebi-zviad

http://netgazeti.ge/news/260774/

http://liberali.ge/news/view/35048/seqsualuri-shevtsroebis-braldeba-da-zviad-devdarianis-pasukhi

 

გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი, მუხლი N6.1.ბ

იხ. CEDAW General recommendation on women's access to justice, CEDAW/C/GC/33, 23.07.2015.

A.T. v. Hungary. CEDAW, No. 2/2003, para. 9.3

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 15
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31