კონკურსი გლობალური ფონდიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის მდგრადობისა და გარდამავალი გეგმის მონიტორინგის ჯგუფის წევრთა შესარჩევად
 

კონტექსტის აღწერა:

გადამდები დაავადებები, შიდსისა და ტუბერკულოზის ჩათვლით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო გლობალური ფონდისა და სხვა საერთაშორისო დონორების დახმარება აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით.

ტუბერკულოზისა და შიდსის მართვის კუთხით, საქართვლო კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე რჩება, რაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერებას, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას, პროგრამული დაფინანსების ზრდასა და მართვის მექანიზმების სრულყოფას უკავშირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური ფონდის დაფინანსების მოცულობა აღნიშნულ პერიოდზე მცირდება, საჭირო ხდება სახელმწიფოს მხრიდან შიდსისა და ტუბერუკულოზის პრიორიტეტული ინტერვენციების დაფინანსების ეტაპობრივი მნიშვნელოვანი ზრდა.

აღნიშნული საჭიროების გათვალისწინებით, საქართველომ შეიმუშავა გარდამავალი პერიოდის გეგმა,  რომელიც მიზნად ისახავს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან, სრული მოცულობით ადგილობრივ დაფინანსებაზე უმტკივნეულო გადასვლის უზრუნველყოფას 2022 წლისათვის.  ეს დოკუმენტი დამტკიცებულია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) მიერ.

გეგმა მნიშვნელოვან სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს  ამ დაავადებებთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების მდგრადობისა  და მეორეული პრევენციული სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ჯგუფების  ჩართულობას გარდამავალი გეგმის განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.

„აივ-ისა და სხვა სქესობრივი გზით  გადამდები ინფექციების პრევენციის ეროვნული სამუშაო ჯგუფი" (Prevention Task Force - PTF-ი) წარმოადგენს აივ-ის, ტუბერკულოზის და სხვა გადამდები დაავადებების დარგში მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს ამ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით დაგეგმილი აქტივობების, მიმდინარე პროცესებისა და პროექტების კოორდინაცია, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ინფორმაციის გაზიარება,  ამ მიმართულებით არსებული პოლიტიკის და პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. PTF-ი ჩართული არის გლობალური ფონდის პროგრამების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დელეგირება საკოორდინაციო საბჭოში PTF-ის პლატფორმის გამოყენებით ხდება.თავისი მანდატიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე, PTF ფასილიტაციას გაუწევს გარდამავალი გეგმის მონიტორინგის მექანიზმის შექმნასა და განვითარებას.

გარდამავალი გეგმის სათემო ძალებით მონიტორინგის სამუშაოს შესრულებისთვის:

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამუშაო ჯგუფის  7 წევრი შემდეგი განაწილებით:

  • აივ დადებითი ადამიანების თემის წარმომადგენელი - 1 წევრი
  • ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენელი - 1 წევრი
  • მსმ/ლგბტ თემის წარმომადგენელი - 1 წევრი
  • კომერციული სექს მუშაკების თემის წარმომადგენელი - 1 წევრი
  • ტუბერკულოზის პაციენტთა თემის წარმომადგენელი - 1 წევრი
  • აივ ინფექცია/შიდსისა ან/და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია - 2 წევრი

* სამუშაო ჯგუფის წევრობა ეფუძნება მოხალისეობრივ საწყისებს და არ არის ანაზღაურებადი.

გარდამავალი გეგმის მონიტორინგის ჯგუფის ამოცანა

მონიტორინგის ჯგუფის მთავარი ამოცანა არის გარდამავალი გეგმის განხორციელების პროცესზე დაკვირვებაგეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების და შესაბამისი ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების მინდინარეობაზე სამოქალაქო საზოგადოების დროული ინფორმირება.

მონიტორინგის ჯგუფის წევრის მოვალეობები:   

მონიტორინგის ჯგუფის თითოეული წევრი ახორციელებს გარდამავალი გეგმის  ამოცანების შესრულების მონიტორინგს მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორის მითითების შესაბამისად.

ჯგუფის წევრებს შორის მოხდება სამუშაოს მთლიანი მოცულობის, ამოცანების განსაზღვრა და გადანაწილება, შესაბამისად თითოეული წევრი პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე  მისი დაინტერესებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

მონიტორინგის მიზნებისთვის ჯგუფის წევრები დაეყრდნობიან გარდამავალ გეგმაში გაწერილი ამოცანების, ღონისძიებების და შესაბამისი ინდიკატორების ჩარჩოს. მონიტორინგი აგრეთვე მოიცავს გარდამავალი გეგმის დროში გაწერილი შესრულების გრაფიკის მონიტორინგს და გეგმით გათვალისწინებული ფინანსური ალოკაციების მონიტორინგს.

მონიტორინგის საბოლოო შედეგი:

მონიტორინგის საბოლოო შედეგი თითოეული წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიშის სახით.

თითიეული წევრის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადდება ერთიანი ანგარიში, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც საადვოკაციო ინსტრუმენტი.

მონიტორინგის ჯგუფის წევრობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადამკვეთ სფეროებში მუშაობის ან/და ჩართულობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.
  • პროექტის/პროგრამის შეფასებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • აივ/შიდსის ან/და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიებისა და გლობალური ფონდის პროგრამების დეტალური ცოდნა;
  • მდგრადობისა და გარდამავალი გეგმის დეტალური ცოდნა;
  • მონიტორინგის ანგარიშების ან ანალოგიური დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ქსელური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სათემო წარმომადგენლების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ან/და ადამიანის უფლებების დარგში მომუშავე საზოგადოებრივი ან სათემო ორგანიზაციების წევრებსა ან აქტივისტებს.
  • სათემო წარმომადგენლობის დადასტურების მიზნით კანდიდატს მოეთხოვება სათემო ორგანიზაციის/ების მხარდამჭერი/სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა.

განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე. (სამოტივაციო წერილი უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას  კანდიდატის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ);
  • გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაცია, მაგ: ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია;
  • სათემო წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი თემის სათემო ორგანიზაციის/ების სარეკომენდაციო წერილი;

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა  2018 წლის 10 სექტემბერი,  17:00 სთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული ან დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: mchokheli@osgf.ge;

advocacy.georgia@medecinsdumonde.net

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ

მარინა ჩოხელს ელ. ფოსტაზე: mchokheli@osgf.ge, მობ: 599157899.

გიორგი სოსელიას ელ.ფოსტაზე: advocacy.georgia@medecinsdumonde.net მობ: 555549110.