საგრანტო კონკურსი იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ახალ განსახლებებში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, რომლებიც მუშაობენ იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების  წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტაზე.

პრობლემის განსაზღვრა:

2008-2011 წლებში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის, აშშ-სა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ახალი, ისე 90-იანი წლების მოვლენების შედეგად დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველსაყოფად. ბევრ კოლექტიურ ცენტრს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და დევნილთა ოჯახებს საკუთრებაში გადაეცა. 2009 წელს დაიწყო იმ შენობების პრივატიზაციის პროცესი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ზოგიერთ შენობას კერძო მეპატრონე ჰყავდა და მათი კერძო საკუთრებაში გადაცემა შეუძლებელი გახდა. ამასთან, კოლექტიური ცენტრების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც ამ შენობებს საცხოვრებლად სახიფათოს ხდიდა. ამის გამო სახელმწიფომ ააშენა ახალი დასახლებები ქალაქებში: ფოთში, ბათუმსა და წყალტუბოში, სადაც მეტწილად 90-იანი წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ჩაასახლეს.

განსახლების პროცესმა მტკივნეულად ჩაიარა ბევრი დევნილისათვის, რომლებიც არ იყვნენ მზად საცხოვრებლად ახალ დასახლებებში გადასულიყვნენ, და სადაც დასაქმების შესაძლებლობა მცირეა. ამიტომ დროებითი თავშესაფრიდან გამოსახლება ხშირად ძალის გამოყენებით ხდებოდა.

ახალ დასახლებებში ყოფითი პირობების, მათ შორის რეაბილიტირებული და ახალაშენებული საცხოვრებლების არადამაკმაყოფილებელი ხარისხი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების არარსებობა მძიმე ტვირთად დააწვა დევნილებს.  გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს იძულებით გადაადგილებული პირების ხელახალი ინტეგრაცია მასპინძელ თემებში და მათი ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.

დევნილთა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელია ახალ საცხოვრებელ გარემოში ღირსეული პირობების შექმნა, მასპინძელ თემებში დევნილთა ადაპტაცია და ცხოვრების გრძელვადიანი ხედვის გამომუშავება. ახალ საცხოვრებელ ადგილას მიმღებ თემთან სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ თვითრეალიზაციას და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მზადებას. ახალ გარემოსთან შეგუებაში, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში გადამწყვეტი როლი დევნილი ახალგაზრდების როგორც სამოქალაქო, ისე პროფესიული განათლების მიღებისა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენის ხელშეწყობას ენიჭება. 

ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" მიიჩნევს, რომ ამ საკითხების მოგვარებაში სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი  წვლილის  შეტანა შეუძლია და აცხადებს კონკურსს "იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ახალ განსახლებებში ინტეგრაციის  ხელშეწყობისათვის".

კონკურსის ამოცანებია:

  • იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დახმარება მათ წინაშე არსებული პრობლემების განსაზღვრასა და დაძლევაში;
  • ახალგაზრდების დახმარება შესაბამისი ცოდნისა და უნარების შეძენაში, რათა მათ შეძლონ პოზიტიური ცვლილებები მოახდინონ როგორც თავიანთ, ასევე თემში მცხოვრები სხვა ადამიანების ცხოვრებაში.

ფონდი მხარს დაუჭერს საპროექტო განაცხადებს, რომლებიც პასუხობენ ზემოთ მითითებულ ამოცანებს, მათ შორის ისეთ აქტივობებს, როგორიცაა:

  • იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების მიწოდება და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ახალგაზრდების შეხვედრების, განათლების, ინფორმაციის მიღებისა და აქტივობების წარმართვის მიზნით;
  • ახალგაზრდობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის სოციალური შეღავათების სისტემის დანერგვის მიზნით;
  • სამოქალაქო, მათ შორის დევნილთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა;
  • საზაფხულო სტაჟირების პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების აკადემიური და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას.

კონკურსის პირობები:

განაცხადების შერჩევის დროს, უპირატესობა მიენიჭება საქართველოს რეგიონებში (ფოთი, ბათუმი, წყალტუბო) განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც ინოვაციურია და დევნილი და მიმღები თემის თანაბარ მონაწილეობას ითვალისწინებს.

პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 აშშ დოლარს. ფონდი დააფინანსებს მაქსიმუმ 5 პროექტს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ეროვნული პროგრამების სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით;

2.პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

3.სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;

4.განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.

 

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ. #10) 2012 წლის 17 მაისის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ხუთშაბათობით, 16:00 საათზე ფონდის ოფისში,მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

 საკონტაქტო პირი: თამრი წერეთელი, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ასისტენტი. ელ.ფოსტა: tsereteli@osgf.ge