საგრანტო კონკურსი: ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესაფასებლად
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისათვის. 

პრობლემის განსაზღვრა:

უსაფრთხო გარემოში მოქალაქეთა გადაადგილებისა და საზივო ლიბერალიზაციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთ მიზანია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ, ხოლო 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს გადმოეცა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს რეფორმები სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის და მიგრაციის მართვის, თავშესაფრის პოლიტიკის, საზოგადოებრივი წესრიგის, საგარეო ურთიერთობების და სხვა საკითხებში. აღნიშნული რეფორმების განხორციელება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.  რეფორმების განხორციელებისას მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, როგორც თანამშრომლობის ასევე პროცესის მონიტორინგისა და გამჭვირვალეობის კუთხით.

კონკურსის მიზნი:

სამოქალაქო საზოგადოების მიერ საქართველოს მთავრობის მხრიდან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.   

კონკურსის ამოცანები:

 

კონკურსის თემატიკა მოიცავს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს: 1. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული დოკუმენტების ჩათვლით; 2. არარეგულარული მიგრაცია და რეადმისია (ქვესაკითხები: მიგრაციის მართვა; საზღვრის მართვა; თავშესაფრის პოლიტიკა); 3. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ქვესაკითხები: ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; სისხლის სამართლებრივ საკითხებში იურიდიული თანამშრომლობა; თანამშრომლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის; პირად მონაცემთა დაცვა); 4. საგარეო ურთიერთობები და ძირითადი უფლებების დაცვა  (ქვესაკითხები: ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესები და პროცედურები; უმცირესობათა უფლებების დაცვა; ) 

 კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს. მათ დაევალებათ:

1. წარმოადგინონ ფაქტებზე/მტკიცებულებებზე დამყარებული და ყოვლისმომცველი ანგარიში შემდეგი სტრუქტურით:

- შესავალი

- კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა მოცემულ სფეროში

- ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

- დასკვნები და რეკომენდაციები

2. 2013 წლის ივლისის მესამე კვირაში ფართო საზოგადოებისათვის მოაწყოს კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია.

3. 2013 წლის ოქტომბრის მესამე კვირას ფართო საზოგადოებისათვის მოაწყოს კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. (ფონდის აღმსარულებელ ნაწილთან შეთანხმებით თარგმნოს,  რედაქტირება გაუკეთოს  და დაბეჭდოს ანგარიში ინგლისურ ენაზე)

კონკურსი ღიაა განაცხადში მითითებული თემების მიხედვით საქმიანობის სათანადო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის.  

პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ შვიდ თვეზეკონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.  დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პროექტს თან უნდა ერთოდეს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge/?l=1&i=326);
  2. პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  4. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" (ჭოველიძის ქ. #10) 2013 წლის 29მარტის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 2013 წლის 28 თებერვლიდან - 28 მარტის ჩათვლით ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა # 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს (32) 225 04 63

საკონტაქტო პირი: ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. ელ.ფოსტა: ivane@osgf.ge