საგრანტო კონკურსი 'ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება'
 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.

კონკურსი ცხადდება პროექტის - „ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება" - ფარგლებში. ინიციატივა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე, რაც მათ დაეხმარება უმცირესობათა თემისთვის აქტუალური საკითხების მოგვარებაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება ტრენინგ პროგრამებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული პროექტების განხორციელებაში.

ფონდი დააფინანსებს მოკლევადიან სასწავლო კურსებს, რომლებიც განხორციელდება 2013 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში.

 

ტრენინგ პარტნიორს ექნება შემდეგი ამოცანები:

  •  ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა;
  •  სასწავლო მასალის მომზადება;
  •  მოკლე, ინტენსიური ტრენინგ პროგრამის მომზადება ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად;
  •  ექსპერტების შერჩევა, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებსა და ლექციებს (ტრენინგების სავარაუდო თემატიკა: ორგანიზაციის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, პროექტის წერა, ფონდების მოძიება, სტრატეგიული დაგეგმვა, მხარდამჭერთა მოზიდვა, კოალიციური მუშაობა, ადვოკატირება; ლექციების სავარაუდო თემატიკა: საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, საბიუჯეტო საკითხები, რეგიონული განვითარება, განათლების რეფორმა, მიგრაციის საკითხები, „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ" ევროპული ჩარჩო კონვენცია;
  •  ტრენინგ-სემინარის შეფასება;
  •  განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

პროგრამის განხორციელების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა გეგმავს მცირე გრანტების გაცემას ტრენინგის მონაწილე ორგანიზაციებზე, რაც მათ მიღებული თეორიული ცოდნისა და მართვის უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემთ.

კონკურსში მონაწილეობა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით

2. პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

3. ტრენინგ-პროგრამის მოკლე აღწერა;

4. პროექტი უნდა განხორციელდეს 2013 წლის მაისი-ოქტომბრის შუალედში;

5. პროექტის საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 45 000 აშშ დოლარს;

6. პროექტს უნდა დაერთოს სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი. განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე კოალიციებს.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამის ინოვაციურობასა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (თავი: ეროვნული უმცირესობების უფლებები და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა).

კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" (ჭოველიძის ქ. #10) 2013 წლის 22 აპრილის ჩათვლით ყოველდღე 18:00 საათამდე.

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 2013 წლის 11 და 18 აპრილს 16:00 საათზე ფონდის ოფისში. მისამართი: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს (32) 225 04 63.

საკონტაქტო პირი: ანი ახალკაცი, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. ელ.ფოსტა: ani@osgf.ge