საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო აცხადებენ საგრანტო კონკურსს - ტოლერანტობა
 

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის მიერ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობების აქტიური ჩართულობის გზით

პროგრამის შესახებ: 

„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს გაეროს ასოციაცია" ფონდ „ღია საზოგადეობა-საქართველო"-სთან პარტნიორობით. სამოქალაქო ინტეგრაციის მცირე გრანტების მექანიზმი, რომელიც ფონდის მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებას. მცირე გრანტები საშუალებას აძლევს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ჩამოყალიბდნენ საქართველოს სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვან და აქტიურ ნაწილად.

კონკურსის წინაისტორია

2009 წელს საქართველომ „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და 2009-2014 წწ სამოქმედო გეგმა" მიიღო. ეროვნული კონცეფცია განსაზღვრავს სახელმწიფო სტრატეგიასა და პოლიტიკას ექვსი ძირითადი მიმართულებით: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია და კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ხოლო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2009-2014 წწ. პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს და პროგრამებს ამ მიმართულებების მიხედვით.

მიმდინარე წელს სრულდება ამ კონცეფციის და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა, მუშაობა უკვე დაწყებულია ახალ კონცეფციასა და და სამოქმედო გეგმაზე. მნიშვნელოვანია ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა.

კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მიერ არსებული „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2009-2014 წწ. სამოქმედო გეგმის" მიერ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მხარდაჭერა; ასევე ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდა და შემდგომი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კონკურსის ამოცანები:

1.საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმით" გათვალისწინებული ექვსი სტრატეგიულ მიმართულების (კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება) მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
2.ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
3.კვლევითი საქმიანობა და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მთავრობის ახალი კონცეფციისა და სამოქმედო გეგმისათვის (2015-2019 წწ);
4.საზოგადოების ინფორმირება (როგორც ეთნიკური უმცირესობის, ასევე ეთნიკური უმრავლესობის) როგორც არსებული, ასევე შემდგომი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობისა და შემუშავების პროცესის შესახებ;
5.სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს 2009-2014 წლების გამოცდილების კონსოლიდირებასა და გაღრმავებას.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვეზე (დასრულდეს 31 ოქტომბრამდე).

პრიორიტეტი მიენიჭება საპროექტი განაცხადებს, რომელიც პროექტით შემოთავაზებულ საქმიანობას მეტწილად ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში განახორციელებს.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ეროვნული პროგრამების სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (ქართულენოვანი ფორმა,ინგლისურენოვანი ფორმა);
2.  პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
3.  სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
4.  განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. 
5.  განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა, ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის შემთხვევაში განაცხადი ასევე მიიღება რუსულ ან ინგლისურ ენებზეც. 
ფონდში საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 16:00 საათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. განაცხადის და დოკუმენტაციის შემოტანა უნდა მოხდეს როგორც ფონდის ოფისში ჭოველიძის (ყოფილის ბელინსკის) 10, ისე ელექტრონულად ელ.ფოსტის მისამართზე peradze@osgf.ge 

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ყოველ სამუშაო დღეს, 15:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

საკონტაქტო პირები: კოკი ფერაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის კოორდინატორი.
ელ.ფოსტა: peradze@osgf.ge