'ნასამართლევ პირთა უფლებების დაცვა'-საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის

ადამიანის უფლებების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს ნასამართლევ პირთა უფლებების დაცვა", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებებს და საინიციატივო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანია ნასამართლევ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

ფონდი დააფინანსებს ორ საუკეთესო პროექტს, რომელიც მიმართული იქნება კვლევებზე/გამოცდილებაზე დაფუძნებით კონკრეტული რეკომენდაციების ან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე და მათ ადვოკატირებაზე.

მსჯავრდებულის რეინტეგრაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს უფლებამოსილებათა ფართო სპექტრს. ქვემოთ წარმოდგენილი ჩამონათვალის გარდა პროექტი შეიძლება კონცენტრირდეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც მსჯავრდებულთა სამართლებრივ მდგომარეობაზე ახდენენ გავლენას.

ფონდი უპირატესობას მიანიჭებს პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ ყოფილ მსჯავრდებულთა (როგორც ნასამართლევი, ისე ნასამართლობა გაქარწყლებული პირების) უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას სისხლის  სამართლის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომითი ან სამოქალაქო უფლებების კუთხით.

სასურველია წარმოდგენილი პროექტი კონკრეტულ სფეროსთან მიმართებით  ითვალისწინებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:

პირადი ცხოვრების უფლება

  • თითის ანაბეჭდებისა და სხვა აღებული ნიმუშების შენახვისა და განადგურების საკითხი სისხლის სამართლის პროცესში;
  • გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის შენახვის ხანგრძლივობა და მისი განადგურების საკითხი;

შრომითი უფლებები

  • საჯარო სამსახურში (მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში) დასაქმების უფლება;
  • კერძო სფეროში დასაქმების უფლება;
  • „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონით დადგენილი უფლებრივი შეზღუდვები;

სამოქალაქო უფლებები

  • მსჯავრდებულ პირთა საარჩევნო უფლების შეზღუდვა;
  • ნასამართლობა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება;

ნასამართლობა სისხლის სამართლის პროცესში

  • ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება მოწმედ დაკითხვისას;
  • ნასამართლობის საკითხი შეწყალების ან ამნისტიის დროს;
  • ნასამართლობა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ღონისძიებები;
  • ნასამართლობა და არაერთგზისობა, რეციდივი;
  • „წარსული ნასამართლობა" და „ნასამართლობა";

კონკურსის პირობები:

  • განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;
  • პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  • განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები და ადვოკატირების სტრატეგია;
  • განმცხადებელმა უნდა მიუთითოს კონკრეტული კვლევები და გამოცდილება, რომელსაც ეყრდნობა მისი ადვოკატირების პროექტი;
  • პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • განმცხადებელს უფლება აქვს ამ კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;
  • პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად;
  • განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში 14 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10.

 

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 ივლისი, 16:00.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზაციებისთვის 30 000 ა.შ.შ. დოლარს, ორგანიზაციათა კოალიციებისთვის - 35 000 ა.შ.შ. დოლარს.

 

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 24 ივნისს, 3 და 10 ივლისს, 15.00 საათზე  ფონდის ოფისში.

საკონტაქტო პირები: გიორგი ბურჯანაძე - George@osgf.ge, ნიკა ჯეირანაშვილი - Nika@osgf.ge