საგრანტო კონკურსი: ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისის ეფექტურობის კვლევა
 

ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა აცხადებენ კონკურსს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისის ეფექტურობის კვლევის მიზნით.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში უკვე მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ამასთანავე  სახეზეა სათემო მომსახურების მკვეთრი დეფიციტი. ქვეყანაში არსებული  ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების დაფინანსება მწირია. კრიზისული ინტერვენციის ცენტრები, რომელთა განვითარება მოხდა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დღეს სახელმწიფო დაფინანსებაზეა, მაგრამ გასაუმჯობესებელია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება აქტიური სათემო თერაპია ქრონიკული ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობისათვის.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფსიქიატიული მომსახურების მთლიანი სტრუქტურის შეცვლისა და მულტიდისციპლინარული მიდგომის მიმართულების განვითარებისათვის, რაც  გულისხმობს შემთხვევის კომპლექსურ მართვას, საზოგადოდ, ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვას. სოციალური ფსიქიატრიის პრინციპებს ეყრდნობა ფსიქიატრიული სერვისების მოწყობის სტრუქტურა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ სერვისების ეფექტურობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებითა და პრაქტიკით. თუმცა მხედველობაშია მისაღები სოციო-ეკონომიური, ეთნო-კულტურული და სისტემური თავისებურებანი, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ან დააბრკოლოს ქვეყანაში ამა თუ იმ სერვისის განვითარება და დანერგვა. გაუმართლებელია სხვა ქვეყნის, თუნდაც წარმატებული სისტემის, მექანიკური კოპირება, უნდა მოხდეს ახალი ტიპის სამსახურების განვითარება ადგილობრივი სისტემის კონტექსტში, ეფექტიანობის შეფასებისა და შედეგების შესაბამისად გათვალისწინებით.

საქართველოში ჯერ ჯერობით ძნელია  განვითარების პროცესში მყოფი თემზე დაფუძნებული სერვისების კლინიკო-სოციალური თუ ეკონომიური ეფექტურობის მახასიათებლების უტყუარობაზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანად მიგვაჩნია ამ ტენდენციების იდენტიფიკაცია რეფორმის შემდგომი სტრატეგიის განსასაზღვრად.  

გრანტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო:  ხარისხობრივი კვლევის ჩატარება სათემო სერვისის "აქტიური სათემო თერაპია"  ეფექტურობის შესწავლის მიზნით. კვლევამ უნდა მოიცვას:

  • ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან პილოტური პროექტის ფარგლებში მიღებული სათემო სერვისის ხარისხობრივი შეფასება
  • ბენეფიციართა ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსავლების დოკუმენტაციის ანალიზი
  • თემზე დაფუძნებულ და კლინიკურ ბაზებზე (ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ დონეზე) მიწოდებული სერვისების შედარებითი ფინანსური ანალიზი.

კვლევის ანგარიში უნდა მოიცავდეს, როგორც შედეგების, ასევე რეკომენდაციების ნაწილს თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებასთან მიმართებაში საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით.  

სამუშაოს შესრულების ვადა მაქსიმუმ 2 თვე.

პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს, საინიციატივო ჯგუფებს  ან ორგანიზაციებს რომლებსაც აქვთ:

  • ჯანდაცვის სისტემების, ჯანდაცვის ეკონომიკის სფეროს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
  • ჯანმრთელობის და სოციალური სფეროს კვლევის გამოცდილება;
  • მოწყვლად ჯგუფებთან, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან მუშაობის გამოცდილება

განაცხადი

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს'' სტანდარტული განაცხადის ფორმის შესაბამისად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

განაცხადი (გარდა ფონდის სტანდარტული მოთხოვნებით განსაზღვრული ინფორმაციისა) უნდა მოიცავდეს კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის აღწერილობას, ასევე შემდეგ ინფორმაციას:

§  ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის  საკითხების ცოდნისა და გამოცდილების ამსახველ დოკუმენტაციას, მაგ. ჩატარებული კვლევის ნიმუშს ან მითითებას ინტერნეტ წყაროზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

§  იმ არსებული რესურსების მიმოხილვას, რაც გამოყენებულ იქნება პროექტის შესრულებისას;

§  პროექტში ჩართული ყველა პირის ბიოგრაფიას (თითოეული - მაქსიმუმ 3 გვერდი)

ბიუჯეტი

წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს  10 000  აშშ დოლარს. გაცნობებთ, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ ერთი პროექტი.

განაცხადების ჩაბარება

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ან საინიციატივო ჯგუფებმა  ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოში" უნდა წარმოადგინონ განაცხადის 1 ორიგინალი და 2 ასლი, განაცხადის სრული პაკეტის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად ქართულ და ინგლისურ ენებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფონდი იხურება 18 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა  3 სექტემბერი 17:00 სთ. არასრული ან დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ იქნება განხილული.   

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერს ირმა ხაბაზს  (ფონდის დახურვის პერიოდშიც) ტელ: 599 222400, ელ. ფოსტა: i.khabazi@osgf.ge