კონკურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის „მტკიცებულებების წესების ანალიზი სისხლის სამართლის პროცესში
 

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს: „მტკიცებულებების წესების ანალიზი სისხლის სამართლის პროცესში", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებებს, უმაღლეს სასწავლებლებს, კვლევით ინსტიტუტებს და საინიციატივო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანია განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში, მტკიცებულებების შესახებ სრულყოფილი კვლევა, რომელიც მოიცავს საველე და სამაგიდო კომპონენტებს. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზება, მისი შედარება საქართველოს სამართლებრივი სისტემის მსგავს იურისდიქციებთან და შესაბამისი ნაშრომის მომზადება.

2009 წელს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს მტკიცებულებების შესახებ სპეციალურ თავს, მაგრამ მასში წარმოდგენილი მრავალი დებულება არის ზოგადი შინაარსით ფორმირებული. მისი განმარტება მეტწილად აქვს მინდობილი სასამართლო ხელისუფლებას. სამწუხაროდ ამგვარი მიდგომა ხშირად პრობლემურ სიტუაციებს იწვევს, რაც ამ დებულებების ხშირ გასაჩივრებას იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში (მაგალითად, ირიბი ჩვენებისა და მტკიცებულებების ზოგადი დასაშვებობის საკითხები). მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი, მისი დახვეწის გზების შემოთავაზება და ფართო საზოგადოებისთვის მისი მიწოდება. არსებული აკადემიური ნაშრომები ვერ უზრუნველყოფენ მიმდინარე პრობლემის მოგვარებას, რადგან ხშირად არ ხდება სპეციფიკურად ამ საკითხების სიღრმისეული მიმოხილვა და ანალიზი.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისეთი კვლევის შესრულება, რომელიც მოახდენს სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებების შესახებ ყველა საკითხის დეტალურ მიმოხილვას, ანალიზს და შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებს შემოგვთავაზებს.

კვლევამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებული აკადემიური კომენტარების მეორეული ანალიზი;

2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მტკიცებულების რეგულირების საკითხი (მიმოხილვა/ანალიზი);

3) სასამართლო პრაქტიკის განხილვა და ანალიზი მტკიცებულებების შესახებ 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ;

4) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი მტკიცებულებების შესახებ;

5) საერთო სამართლის ქვეყნების გამოცდილება მტკიცებულებების შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისთვის რელევანტური საკითხების შესწავლას;

6) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა მტკიცებულებების შესახებ (მათ შორის, წამების აკრძალვისა და პირადი ცხოვრების გარანტიის თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივიდან);

სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებების შესახებ კვლევა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს სასამართლო ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ შესაძლო ხარვეზების გამოსწორების მიზნით. შესაბამისი პრობლემის იდენტიფიცირებისას მათი გადაჭრის ალტერნატიული გზებიც (ისევე როგორც ამის პრაქტიკაში დანერგვის საკითხიც) უნდა იქნას შემოთავაზებული.

საპროექტო წინადადებების განხილვისას, ყურადღება მიექცევა პროექტის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციას, მათ გამოცდილებას, შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას, მტკიცებულებების შესახებ არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შედარებით-სამართლებრივ კვლევით კომპონენტს, შესაბამისი იურისდიქციის სწორ იდენტიფიცირებას, პრობლემური საკითხების მკაფიო გამოკვეთას და კვლევის მიზნებისთვის რელევანტური საერთო საკითხების იდენტიფიცირებას.

კონკურსის პირობები:

 

  • განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;
  • პროექტს უნდა დაერთოს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  • განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები, ამოცანები და ადვოკატირების გეგმა;
  • პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • განმცხადებელს უფლება აქვს ამ კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;
  • პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად;
  • განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში 27 ნოემბრის ჩათვლით ყოველ სამუშაო დღეს 16:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10.

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 27 ნოემბერი, 16:00. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30,000 ა.შ.შ. დოლარს. კონკურის შედეგად შეირჩევა მხოლოდ 1 გამარჯვებული პროექტი

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები:  11 და 20 ნოემბერს, 16.00 საათზე  ფონდის ოფისში.

საკონტაქტო პირები: გიორგი ბურჯანაძე - George@osgf.ge, ნიკა ჯეირანაშვილი - Nika@osgf.ge