კონკურსი საზოგადოების ინფორმირება, მობილიზაცია და ადვოკატირება სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობის შესახებ
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის  მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მარგინალური ჯგუფების აქტიური მონაწილეობას, ჯანდაცვის საკითხებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. 

პრობლემის აღწერა:

საქართველოს მთავრობამ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებით რეფორმათა ახალი ტალღა წამოიწყო. ამ პროგრამის დაწყების შედეგად სიტუაცია შეიცვალა როგორც ჯანდაცვის სექტორში, ასევე  სადაზღვევო ბაზარზე.  სახელმწიფოს წილი იზრდება ისეთი დაავადებების პროგრამების დაფინანსებაშიც, რომლებიც ძირითადად უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდა (აივ/შიდსი,  ტუბერკულოზი, ონკოლოგია და სხვა).  რეფორმების შემდეგი ტალღის ფარგლებში მთავრობას დაანონსებული აქვს ჯანდაცვის სფეროში საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელებს (PPP) გაძლიერება, სამკურნალო საშუალებების ფასის შემცირებაზე მიმართული პოლიტიკის გატარება, ელექტრონული ჯანდაცვის (E-health) სისტემების შემოღება და არსებულ სისტემაში დანახარჯების შეკავების მექანიზმებისა და სხვა არსებითი ცვლილებების შეტანა.     

სასურველია, აღნიშნული რეფორმები მოერგოს პაციენტთა კონკრეტული თემის საჭიროებებს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ამ პროცესებში ჯერჯერობით სუსტია, ხოლო პაციენტთა ჯგუფების ჩართულობა არაჯეროვანი. მონაწილეობა კიდევ უფრო შეზღუდულია, როდესაც საქმე ეხება მდგომარეობებს, რომლებიც მეტად არის ასოცირებულია სტიგმასა და დისკრიმინაციასთან (აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, ფსიქიური ჯანმრთელობა, ონკოლოგია, ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპია და სხვა).

პაციენტთა ეს ჯგუფები განსაკუთრებით საჭიროებენ მიმდინარე პროცესებში ჩართვას, თუმცა, მათ ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ჯანმრთელობის დაცვის სახელმწყიფო პროგრამების შემუშავება, საბიუჯეტო ადვოკატირება, პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და სხვ., რაც აუცილებელია რეფორმირების პროცესში ამ ჯგუფების ძირითად დაინტერესებულ მხარედ ჩამოყალიბებისათვის.

მიზანი:

სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პაციენტთა ჯგუფების ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის.

ამოცანები:

  • პაციენტთა თემის მობილიზაცია; პაციენტთა ჯგუფებისა და თემის ლიდერების პოტენციალის გაძლიერება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავების, ბიუჯეტირების, განხორციელების, ზედამხედველობისა და შეფასების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წამლებზე ხელმისაწვდომობის კუთხით:  აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, ფსიქიური ჯანმრთელობის, ონკოლოგიის, ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის და სხვ.
  • ადვოკატირების პროცესის წარმოება, რომელიც მიმართულია სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და მმართველობის სფეროში სხვა ისეთი საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ზღუდავენ ჯანმრთელობის უფლებას საქართველოში .

კონკურსის პირობები:

პროქტის ფარგლებში არ მოხდება სამედიცინო აღჭურვილობისა და სამკურნალო საშუალებების შესყიდვის მხარდაჭერა.

პროექტის განხორციელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

განაცხადში მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა - 17 000 USD

კონკურისის ჯამური ბიუჯეტი - 65 000 USD.

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა  - 2016 წლის 21 ნოემბერი, 16:00 საათი.

განაცხადების შერჩევის შედეგები 2016 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გამოცხადდება.

განაცხადის გასაკეთებლად:

საპროექტო განაცხადები მომზადებული უნდა იყოს საგრანტო განაცხადის ფორმის მოთხოვნებისა და სტრუქტურის მიხედვით. საპროექტო განაცხადის წარსადგენად აუცილებელია განაცხადის ფორმის შევსება: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53

განაცხადის წარდგენა:

საპროექტო განაცხადი და დანართები დაბეჭდილი სახით უნდა იქნას წარდგენილი: 1) 3 ეგზემპლარად (1 ორიგინალი და 2 ასლი) მისამართზე: ქ. თბილისი, 0108, ჭოველიძის ქ. #10, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" და დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში; 2) ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი  თანდართული 1 ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე ან გადმოგზავნილი  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mchokheli@osgf.ge mchokheli@gmail.com

კონსულტაციის დღეები: 10 და 11 ნოემბერი, 10:00 - 12:00 საათი

განაცხადების შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ მიღებული პროექტები განხილული არ იქნება.

საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.


საკონტაქტო პირი:
 მარი ჩოხელი მობ: 599157899

ელ.მისამართზე: mchokheli@osgf.ge,  mchokheli@gmail.com