სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა
 

ღია საზოგადოებას, სადაც უმცირესობათა უფლებები დაცული იქნება, სჭირდება ცვლილებათა ინიციატორები და ლიდერები.

2017-2020 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო" ადვოკატირების, მცირე გრანტების, კვლევებისა და ანალიზის, გაცვლითი პროგრამების და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით ეცდება უმცირესობათა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი უფლებების ეფექტურად დაცვას. ფონდი დაეხმარება უმცირესობათა წარმომადგენლებს, რომ მათ თავად შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკის შექმნის პროცესში.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ფონდი გეგმავს უმცირესობათა შორის მომავალი ლიდერების იდენტიფიცირებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ ეფექტურად გაუძღვნენ ინიციატივებს, მოახდინონ დისკრიმინაციის პრევენცია და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ თავიანთი უფლებების დაცვაში.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ძირითადი სამიზნე ჯგუფი იქნება ახალგაზრდობა, რომელსაც აქვს მოტივაცია და პოტენციალი გახდეს ცვლილებების ინიციატორი. ფონდი იზრუნებს მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გააძლიერებაზე, რაც მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. დასახული მიზნების წარმატებით მისაღწევად, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" იმუშავებს როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე.

ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფს ტრენინგებს დემოკრატიულ ჩართულობის, სამოქალაქო აქტივიზმის, ადამიანთა უფლებების, უმცირესობების თავისუფლებისა და უფლებების საკითხებზე. ჩაატარებს კამპანიებს, რომელთა მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობის, რეგიონული პოლიტიკის, სამართლიანი მმართველობისა და სხვადასხვა მიმდინარე საკითხების შესახებ.

მცირე გრანტები დაეხმარება აქტიურ მოქალაქეებს, რომ პრაქტიკაში გამოიყენონ ლიდერული უნარები: შეძლონ თემების მობილიზება, მოიზიდონ თანხები სათემო პროექტებისათვის, განახორციელონ სხვადასხვა სახის ადვოკატირების კამპანიები და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი.

ფონდი მხარს დაუჭერს ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც განხსვავებულ ჯგუფებს საერთო მიზნის მისაღწევად გააერთიანებს. ფონდი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა აქტივისტებისათვის პლატფორმების შექმნას, რაც დაახლოებს მათ თავიანთ თანატოლებთან ქვეყნის მასშტაბით და შექმნის საკომუნიკაციო არხებს ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობასთან საურთიერთოდ.

ეროვნულ დონეზე ფონდი იზრუნებს უმცირესობებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უფლების განხორციელებაზე, სეკულარული განათლების უზრუნველყოფასა და უმცირესობის წარმომადგენლებისათვის განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებაზე. ფონდი მხარს დაუჭერს საჯარო დისკუსიებს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ქვეყანაში მრავალფეროვნების პატივისცემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ფონდი შეეცდება შესაძლებლობა მისცეს უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით ვიზიტებში, როგორც ქვეყანაში და ისე მის გარეთ, რათა ისინი გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, კერძოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ახალგაზრული პროგრამების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ უმცირესობებთან და ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

 


 

 

სხვა კონკურსები

სხვა პუბლიკაციები